თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სასარჩელო მოთხოვნა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის სასარგებლოდ, 60 000 ლარის გადახდა დააკისრა, მხოლოდ მორალური ზიანის კომპენსაციის სახით, _ აღნიშნულ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს მსჯავრდებულ ლ.ჭ.-ს ინტერესებს, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორ სისხლის სამართლის საქმეში. მსჯავრდებული ლ.ჭ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, წლების განმავლობაში, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა.
მსჯავრდებული ლ. ჭ. სასამართლოს გზით ითხოვდა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რაშიც იურიდიულ დახმარებას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე უწევდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მხარი დაუჭიროს ახლო წარსულში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის ყოველ მცდელობას, რასაც მსხვერპლები თავიანთი ინიციატივით მიმართავენ და სამართლიანად მოითხოვენ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
ერთი თვის წინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მორიგების გზით გადაწყვიტა დავა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კიდევ ერთ მსხვერპლთან, თ.რ.-სთან, რომლის ინტერესებსაც ასევე ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. ახლახან თ.რ-ს სამინისტრომ კომპენსაციის სახით 20 000 ლარი გადაუხადა", _ ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" ადრეც წერდა. მოვიკვლიეთ რა დაუჯდება სახელმწიფოს წამების მსხვერპლი ყველა პატიმრისთვის კომპენსაციის გადახდა, დათვლილია თუ არა რისკები და რამდენი პატიმარი რა ოდენობის თანხას ითხოვს სახელმწიფოსგან. საკითხზე იურისტების შეფასება სხვადასხვაგვარი აღმოჩნდა. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ წამების მსხვერპლად აღიარების შემთხვევაში სახელმწიფომ მსჯავრდებულებს მოთხოვნის შესაბამისად, ზიანი უნდა აუნაზღაუროს; ნაწილი კი ფიქრობს, რომ სახელმწიფოსგან ერთიანი მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს, რითაც აღიარებენ, რომ წამება სისტემური დანაშაული იყო და ეს ადამიანები ნამდვილად მსხვერპლები არიან.
რაც შეეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიდგომას, როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მინისტრის, კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, როცა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ცალსახად დადგენილია წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტი და საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (სად) ყოფილი თანამშრომლები დამნაშავედ არიან ცნობილნი, სასჯელაღსრულების უწყება თავს იკავებს მსგავსი სახის პროცესის ხელოვნური გაჭიანურებისგან, შესაბამისად, ცდილობს სახელმწიფო რესურსების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველივე ინსტანციაში საქმე მორიგებით დაასრულოს, რომლის პრეცედენტები უკვე არსებობს.
ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ სტატია – წამების კომპენსაცია – ვინ და რამდენს გადაუხდის ნაწამებ პატიმრებს.
ამავე თემაზე:
რამდენი ყოფილი საჯარო მოხელე მისცეს პასუხისგებაში 2012-2016 წლებში