"პრინციპულად მცდარი მგონია მოსაზრება, რომ თითქოს სკოლებში არ გვჭირდება ისეთი მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში ხელფასის გამო აპირებენ მუშაობის დაწყებას" _ ასე ეხმაურება განათლების მინისტრის განცხადებას პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე და მიიჩნევს, რომ "საერთოდაც არაფრის მომტანია ამ ტიპის საუბრები, როდესაც საქმე გვაქვს საგანმანათლებლო ინდუსტრიასთან, რომელიც ათასობით მასწავლებელს საჭიროებს".
"მთავარია მასწავლებელი აკმაყოფილებდეს დადგენილ კრიტერიუმებს და მისი შინაგანი მოტივაციის თუ მისწრაფების გაზომვას, ცხადია, რომ ვერავინ შეძლებს.
მასწავლებელს რომ ფული არ უნდა აინტერესებდეს, ეს ჩვეულებრივი "პიანი ბაზარის" თემაა, სუფრის ბოლოს საკუთარ მასწავლებლებს რომ იხსენებენ და ამტკიცებენ, რომ მათ ფული არ აინტერესებდათ. მოგვისმენია ასეთები უხვად. არადა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ აინტერესებდათ, მაგრამ არ ჰქონდათ. და ფული რომ აინტერესებდათ, ეს მათ ჩრდილს არ აყენებთ, ისინი კარგები იმიტომ იყვნენ, რომ პროფესიონალები იყვნენ და თავისი საქმის მოყვარულები.
ადამიანები, როგორც წესი, ანაზღაურების გამო მუშაობენ. ანაზღაურების გარეშეც შეიძლება ბევრ და კარგ საქმეებს აკეთებენ, მაგრამ ეს ჰობია, რაზეც განათლების სისტემას ვერ დააფუძნებ. ამჟამად ჩვენ ველური თუ არა, ნახევრად ველური კაპიტალიზმის პირობებში ვცხოვრობთ და მოწონს ეს ვინმეს, თუ – არა, წესიერი განათლების სისტემა თუ გვინდა, მასში ის ფული უნდა გადავიხადოთ, რაც ეს განათლება ღირს, სხვაგვარად სისტემა ვერ იმუშავებს და ამას მასწავლებლის თავგანწირვა ვერ უშველის. ასეა ყველა სხვა სფეროშიც.
თუ ფულის გადახდის ნაცვლად ჩვენ ვეცდებით, რომ სისტემა ვამუშაოთ ადამიანების ენთუზიაზმის ხარჯზე, შედეგად მხილოდ იმას მივიღებთ, რომ ბევრი კარგი ახალგაზრდა არც კი იფიქრებს სკოლაში მუშაობაზე, არადა დღევანდელი მოცემულობით, ჩვენს სკოლას ძალინ სჭირდება, რომ სწორედ მცოდნე და უნარიანმა ახალგაზრდებმა იფიქრონ სკოლაში მოსვლაზე. ვიღაცას შეიძლება ყური მოსჭრას, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ დაბალხელფასიანი მასწავლებელი ძალიან მალე ჩამორჩება მსოფლიოში კატასტროფული სისწრაფით მიმდინარე განახლების პროცესს და ვეღარ შეძლებს მოსწავლეებთან აზრის ლიდერის ფუნქციის შესრულებას. ინტერნეტის და ახალი ტექნოლოგიების იმედად კი ვართ, მაგრამ თავად მასწავლებელსაც ხომ უნდა ჰქონდეს, ამ ტექნოლოგიების გაცნობის, ათვისების და, თუნდაც, შეძენის საშუალება.
ძალიან კარგია და მისასალმებელი, რომ ამჟამინდელი განათლების მინისტრი ასე გახსნილია დიალოგისთვის, არ გაურბის საზოგადოებას და ხელოვნურ ბარიერებს არ ქმნის, ეს უკვე დიდი საქმეა, მაგრამ კიდევ უფრო კარგი და საინტერესო იქნებოდა მასთან დიალოგი განათლების სისტემის არსებით საკითხებზე და გამოწვევებზე. როგორ და რა კრიტერიუმებით უნდა შევაფასოთ განათლების სისტემის დღევანდელი მდგომარეობა? რა უნდა შეიცვალოს, როგორ და რა ვადებში? ყველა მინისტრი საუბრობდა რეფორმაზე და რა სტადიაში ვიმყოფებით ამჟამად, ვაგრძელებთ ამ რეფორმებს, თუ ახალს ვიწყებთ? რაში მდგომარეობს ამ ახალი რეფორმის არსი? მისასალმებელია, რომ სამინისტროს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულად ქცევა სურს, მაგრამ ასევე საინტერესოა, როგორ აპირებს ამის მიღწევას?
ბევრი კითხვა ისმის და ძალიან მომწიფდა ამგვარი დიალოგის აუცილებლობა სპეციალისტების მონაწილეობით. ასეთი გულახდილი დისკუსია ძალიან წაადგება საზოგადოებასაც და განათლების სამინისტროსაც." _ წერს სოციალურ ქსელში მაღლაფერიძე.