თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი რაზმაძე დამნაშავედ სცნო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით, 21:45 საათზე, ქ. თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, გიორგი რაზმაძე მისი მართვის ქვეშ მყოფი „BMW" მარკის ავტომანქანით განსაკუთრებით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და ახორციელებდა ავტორბოლას აღნიშნულისთვის შეუსაბამო ადგილას, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ და შეეჯახა ტროტუარზე ქვეითად მოსიარულე ნათია დვალს და თამარ მჭედლიძეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ნათია დვალი და თამარ მჭედლიძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ.
გიორგი რაზმაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 2016 წლის 15 სექტემბერს გიორგი რაზმაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და იგი დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რაზმაძე დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.