„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ვაშაძე იყიდა.
“დაბრალება, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიყიდა, უბრალოდ, სასაცილო და უპასუხისმგებლოა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სააკაშვილის მხრიდან პროცესების არაადეკვატურ შეფასებაზე. მასთან და პარტიის სხვა ლიდერებთან არაერთხელ მისაუბრია ყველა პრობლემაზე, რაც პარტიის შიგნით იყო, მათ შორის პირადად მიხეილ სააკაშვილთან, აპრილში ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვებამდე ერთი კვირით ადრე, რა დროსაც კარგად ავუხსენი, რატომ ვეღარ ვხედავდი ჩემს ადგილს იმ სტალინურ-აპარატჩიკულ მენეჯმენტში. თუმცა, მაშინ სააკაშვილი პარტიის კულუარულ მმართველებთან, საკუთარი დუმილით კვლავ კომპრომისზე წავიდა. მე მაშინ ვუთხარი კიდეც, რომ საბოლოოდ ეს დასრულდებოდა არჩევნებში მარცხით და მისი ენმ-დან ჩამოშორებით, რაც მოხდა კიდეც“, _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, სწორედ "ნაციონალების" ურთიერთმოკინკლავე ლიდერების გამოყენებით, ივანიშვილმა მოახდინა ჯერ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის პოლიტიკურიდან ისტერიულ ველში გადაყვანა, გარემოს პოლარიზაცია და შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობის “გაპრავება”. ”გულახდილად ვიტყვი, უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ახლა არ მიწევს ამ მარაზმში ყოფნა“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.