15 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა შედგა, სადაც კომისიის თავმჯდომარემ გელა ჩავლეშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მიმოიხილა და მთავარი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, განათლების ხელშეწყობა, კულტურა, მოსახლეობის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა _ ამ მიმართულებების დაფინანსება, მისივე განმარტებით, თანმიმდევრული პროპორციებით მოხდება.
ადგილობრივი შემოსავლები 2017 წლის ბიუჯეტში 10 241 600 ლარით იქნება განსაზღვრული, რასაც შემდგომში ცენტრიდან ტრანსფერი და ასევე, სხვადასხვა შემოსავლები დაემატება.
როგორც გელა ჩავლეშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტი აუცილებლად პროგრამული იქნება და ეს საშუალებას მისცემს ჩვენს მოსახლეობას, იცოდეს თითოეული თეთრის შესახებ _ რაში და როგორ დაიხარჯება ხალხის ფული.
კონკრეტულად _ ინფრასტრუქტურული მშენებლობისთვის 3 251 900 ლარია გათვალისწინებული. აქ არის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ხოლო ქვეპროგრამების მიხედვით, დაკონკრეტებულია, სად რა გაკეთდება. მაგალითად, სოფელ ლიხაურში დაგეგმილია სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია. ასევე, რამდენიმე სოფელში უნდა მოეწყოს ამბულატორია, მოწესრიგდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა და ასე შემდეგ.
გელა ჩავლეშვილმა ისაუბრა მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ორგანიზაციების შესახებ და თქვა, რომ ერთადერთი ა(ა)იპ ორგანიზაცია არის "ფერმერული განვითარების ცენტრი", სადაც არის მნიშვნელოვანი კლება, კონკრეტულად, თუ შარშან დაფინანსება იყო 150 ათასი ლარი, 2017 წელს 80 ათასი ლარი იქნება.
თანმიმდევრობით მეორე პრიორიტეტს _ განათლების ხელშეწყობას 2 მილიონ 35500 ლარი მოხმარდება, რაც არც ისე დიდი თანხაა, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, მატება არის 78200 ლარით, თუმცა ეს არ არის სახელფასო თანხა.
განხილვის მონაწილე დარგობრივი კომისიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების იმ თანამშრომლებს, რომლებსაც 2016 წელს არ გაზრდიათ ხელფასი, შრომითი ანაზღაურება მოემატოთ.
რაც შეეხება მესამე პრიორიტეტს _ კულტურა, რელიგია, ახალგაზრდების ხელშეწყობა და სპორტი, ერთი მილიონ 11300 ლარით იქნება განსაზღვრული და წინა ბიუჯეტთან შედარებით, 10 300 ლარით არის მატება. აქედან 1000 ლარი მოხმარდება ახალგაზრდულ პროექტებს.
მეოთხე პრიორიტეტი _ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, 2017 წლის ბიუჯეტში 667700 ლარით არის წარმოდგენილი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სოციალური პროგრამების დაფინანსება შემცირებულია, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება კი მომატებულია. მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების კუთხით, მედიკამენტებით უზრუნველყოფა რჩება ერთჯერადი _ 150 ლარის ოდენობით. თანხის ხელზე მიცემა არ დაიშვება, მოხდება გადარიცხვა მედიკამენტებისთვის, სათანადო წესების დაცვით. ასევე, C ჰეპატიტის დაავადებულთათვის განსაზღვრული იქნება 60 ათასი ლარი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე სლაიდების მეშვეობით წარმოადგინეს საბიუჯეტო ცხრილი, სადაც მუხლობრივად ყველაფერი განსაზღვრულია.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ, კომისიის სხდომის დასასრულს ისაუბრა პროგრამული ბიუჯეტის არსზე:
"18 ნოემბერს საკრებულოს სხდომაზე მოხდება 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა, ხოლო 23 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგება საჯარო განხილვა. საჭიროების შემთხვევაში, თუ პროექტი უკან დაბრუნდება, საკრებულო მზად არის, იმუშაოს ყველა შენიშვნის გათვალისწინებით. ახლა კი დარგობრივი კომისიები შეუდგებიან მუშაობას, რომ საკრებულოს მომავალ სხდომაზე, 18 ნოემბერს მომზადებული წარდგნენ", _ თქვა კვერღელიძემ./