პენტაგონმა გადაწყვიტა საომარი სპეცოპერაციების ეფექტურობისთვის სამხედროებს ერთმანეთთან ფიქრებით დაკავშირება ასწავლოს. მოშორებით მყოფი სამხედროები ერთმანეთის აზრებს სპეციალური ჩაფხუტის დახმარებით გაიგებენ. მოწყობილობა განსაკუთრებული ელექტროდების გელით იქნება გაჯერებული, რომელსაც თავის ტვინიდან გადაცემული სიგნალები ელექტრონულ ფორმატში გადაჰყავს.
„სუპერ ჩაფხუტის“ შესაქმნელად პენტაგონმა კალიფორნიულ უნივერსიტეტს ექვსი მილიონი ამერიკული დოლარი გამოუყო. პროგრამაში ფილადელფიისა და მერილენდის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებიც მონაწილეობენ. „ტელეპათი“ სამხედროების პირველი ნაკადი აშშ-ს არმიაში სავარაუდოდ 2017 წელს შევა.
„მომავლის სამხედროს“ შექმნა პენტაგონის ერთადერთი ჩანაფიქრი არ არის. პერსპექტიული სამხედრო პროექტების ამერიკული სააგენტო DARPA კონტაქტური ლინზების შექმნაზე მუშაობს, რომლებზეც სამხედროს ყველა საჭირო ინფორმაცია „დამატებითი რეალობის“ რეჟიმში გადაეცემა. ამასთან ლინზები დამატებით მოწყობილობებს არ საჭიროებს. გამოსახულების სახით ინფორმაცია პირდაპირ სამხედროს თვალწინ გადაიშლება.
პროექტი სახელწოდებით "Soldier Centric Imaging" მძლავრ ვიდეოკამერებს და კომპიუტერულ სისტემებს აერთიანებს. იგი საშუალებას აძლევს სამხედროს ერთი კილომეტრის დაშორებაზეც კი დაინახოს, შეიარაღებულია თუ არა მოწინააღმდეგე და კონკრეტულად რა სახის იარაღს ფლობს იგი.