პარლამენტმა დადგენილებით საპარლამენტო კომიტეტებში ფრაქციათა კვოტები დაამტკიცა. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, პარლამენტის კომიტეტების ნაწილი – 17-დეპუტატის შემადგენლობით, ნაწილი კი, პარლამენტის 15 წევრის შემადგენლობით განისაზღვრა.
17-წევრიან კომიტეტებში ფრაქცია ”ქართული ოცნება” 10 წევრით იქნება წარმოდგენილი, ”ქართული ოცნება – მრეწველები” – ერთი წევრით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა” – სამი წევრით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის” – ერთი წევრით, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტები” – ერთი წევრით. ერთი ადგილი განსაზღვრულია დეპუტატისთვის, რომელიც არც ერთ ფრაქციაში არ არის გაერთიანებული.
რაც შეეხება 15-წევრიან კომიტეტებში განსაზღვრულ კვოტებს, აქ შემდეგი გადაწყვეტილებაა მიღებული: – ფრაქცია ”ქართული ოცნება” – 9 წევრი, ”ქართული ოცნება – მრეწველები” – ერთი წევრი, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა” – ორი წევრი, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის” – ერთი წევრი, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტები” – ერთი წევრი. აქაც ერთი ადგილი განსაზღვრულია დეპუტატისთვის, რომელიც არც ერთ ფრაქციაში არ არის გაერთიანებული.
აღნიშნული კვოტების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციები კომიტეტების შემადგენლობას დააკომპლექტებს.