ვწუხვარ, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ჩვენნაირი გამშველებლები აღარ ეყოლება. ”პატრიოტთა ალიანსი” და ”ქართული ოცნება", ალბათ, ერთმანეთს შეეჯიბრებიან, ვინ უფრო კარგად დაესხმება თავს ”ნაციონალურ მოძრაობას”, – ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”რეზიუმეში” სტუმრობისას ახალი მოწვევის პარლამენტზე საუბრისას განაცხადა.
”რამე სკანდალი არ ყოფილა და პირველი დღე საკმაოდ საქმიანად წავიდა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ დღეს მაღალი კულტურა აჩვენეს სხდომის, თუმცა ეჭვი მეპარება და ვფიქრობ, რომ ძნელი იქნება მაღალი კულტურის ჩვენება საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, ვინაიდან საკონსტიტრუციო უმრავლესობა არ უკარნახებს მაღალი კულტურისკენ. მაღალი კულტურა შიგნით თუ აღმოაჩნდება ვინმეს, თორემ ეს რიცხვები სულ სხვა რამისკენ უკარნახებს, რომ დაიძლიოს, რომ არ მოისმინონ, რომ ჩააჩუმონ და ა.შ. და ჩვენ ამ ყველაფერს ვნახავთ.
ლევან ბერძენიშვილის მოსაზრებით, პარლამენტში მოხვდა ხალხი, რომელიც საკრებულოშიც კი არ არის ნამყოფი.
"ახალგაზრდებისგან გართულებას არ ველი, თუმცა, ნარჩემაშვილისგან არაფერ კარგს არ ველი. არ არის ძველი ყაიდის ხალხისგან რაიმე ჭკვიანური მოსალოდნელი. მით უმეტეს, იმ ხალხისგან, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა საკუთარი აზრი და გაჰქონდათ ეს აზრი. ისინი წინააღმდეგობას რომ წააწყდებიან, ვერ შეეგუებიან“, _ განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, პარლამენტში იქნება გაურკვევლობები, პატარა გაუგებრობა უკვე იყო. ”მაგალითად, ვიცი, რომ თამადები არიან იქ. ისინი ვერ უშვებენ, რომ ვიღაცამ მათზე უფრო გრძელი სადღეგრძელო თქვას, ისინი ვერ აიტანენ იმას, რომ პოლიტიკური კლასი ისწავლონ. სწორედ ამიტომ იქნება გაურკვევლობები და გაუგებრობები. პატარა გაუგებრობა უკვე იყო თანამდებობის გამო _ ადამიანი დარჩა საერთოდ თანამდებობის გარეშე.