"ამერიკის ინტერესები საქართველოში სასწორზე დევს"_ ამ სათაურით აქვეყნებს THE WALL STREET JOURNAL ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივნის, დონალდ რამსფელდის სტატიას.
სტატიაში რამსფელდი აღნიშნავს, რომ რუსეთის უკმაყოფილების მიუხედავად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა ნატო-ს ეკუთვნის.
"გურია ნიუსი" THE WALL STREET JOURNAL-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ:
"საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა დასავლური ღირებულებებისადმი თავისი ერთგულება. არჩევნებით, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში, გასულ თვეს, უკვე მეორედ ჩატარდა, ქართველებმა საუკეთესო მხრიდან წარმოგვიდგინეს თავიანთი ჯანსაღი დემოკრატია, ძლიერი პლურალისტური საზოგადოება და ღრმა ერთგულება ევრო ატლანტიკური საზოგადოების ღირებულებებისადმი. ამ წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს და გააღრმავეს 2012 წლის არჩევნების დადებითი შედეგები, _ წერს რამსფელდი.
ის ასევე აღნიშნავს,რომ ქართული პარტიები მტკიცედ უჭერენ მხარს ქვეყნის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ კავშირს.
"ყველა ძირითადმა პარტიამ საქართველოს ერთგულებას ნატო-სა და ევროკავშირისადმი, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე სტრატეგიულ კავშირს მხარი დაუჭირეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მითხრა და საჯაროდაც განაცხადა, რომ ეს პროცესი შეუქცევადია და ქართველი საზოგადოების განწყობას გამოხატავს,"_ აღნიშნავს რამსფელდი.
რამსფელდი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ყურადღება უნდა მიაქციოს და რაც შეუძლია გააკეთოს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში მყარი მიღწევების და ქვეყნის ასეთი მისწრაფების მხარდასაჭერად.
ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივანი იმ გონივრულ ვარიანტებსაც ასახელებს, რაც აშშ-ს შემდგომმა ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს.
"უპირველესად, საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის გზაზე ყველა ბარიერი უნდა აღმოიფხვრას და საქართველომ MAP-ი დაუყონებლივ უნდა მიიღოს, ქვეყანამ ამისთვის თავისი საფასური უკვე გადაიხადა და ქართველი ჯარისკაცები ავღანეთსა და ერაყში ამერიკისა და ნატო-ს სამხედროების გვერდით დგანან,"_წერს რამსფელდი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ დასავლეთის ინტერესები რუსეთის უკმაყოფილების გამო მძევლად არ უნდა იქნეს აყვანილი.
"რუსეთი პროგნოზირებად პრეტენზიებს აყენებს, რომ საქართველოს წევრობა ნატო-ში პროვოკაცია იქნება. რუსეთის შესაძლო რეაქციამ ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა დაარწმუნა, რომ საქართველოს სვლა ნატოსკენ უნდა გადაიდოს. საქართველოს წვლილი დასავლეთის უსაფრთხოებაში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ბოლო სამიტებზე არაერთხელ აღინიშნა, ახლა კი მოქმედების დროა და დასავლეთის ინტერესები რუსეთის უკმაყოფილების გამო მძევლად არ უნდა იქნეს აყვანილი,"_ამბობს რამსფელდი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის იმპერიალისტური ხედვა არ არის თავსებადი დასავლურ ღირებულებებთან.
"რუსეთის შეიარაღებული ძალები 2008 წლის შემდგომაც აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, გარდა ამისა, რუსეთის იმპერიალისტური ხედვა, რომელიც უკვე უკრაინის ნაწილს და ყირიმსაც ითვალისწინებს, დასავლეთის ღირებულებებს და უსაფრთხოების საკითხებს ვერ ეთავსება,"_აღნიშნავს რამსფელდი.
რამსფელდი ასევე ამბობს, რომ "რუსეთის ჯარი საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ უფრო ღრმად ცდილობს შეჭრას, რის გამოც აშშ მზად უნდა იყოს ზომების მისაღებად, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ძვირად დაუჯდეს."
თუმცა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებმა საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნების შესახებ მცირე პროგრესი აჩვენა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ "საქართველო პატარა ქვეყანაა მაგრამ ევროპისა და აზიის ეკონომიკური ურთიერთობების დამაკავშირებელ ღერძად გახდომა მისი ბედისწერაა, რადგან საქართველო და კავკასია დიდ როლს ასრულებენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში, რა მიზეზის გამოც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს და გააღრმავოს ჩართულობა საქართველოსთან, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამერიკის სასიცოცხლო ინტერესები საქართველოში სასწორზე დევს,"_ წერს რამსფელდი და დასძენს, რომ "საქართველო ის მოკავშირეა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და უნდა მივესალმოთ".