მნიშვნელოვანია ახალი საპენსიო რეფორმა, ე.წ. მეორე პილარი, რომლის არქიტექტურა მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის დახმარებით შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ახალი საპენსიო პროექტი გულისხმობს სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ საპენსიო სისტემას, რომელიც არავითარ შემთვევაში არ გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის გაუქმებას.
“არსებული საპენსიო სისტემა და მინიმალური სოციალური უზრუნველყოფა, აუცილებლად შენარჩუნდება. ეს არის დამატებითი შრე გაჩენილი საპენსიო სისტემაში, რათა მომავლის პენსიონერები არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე და მათი საპენსიო უზრუნველყოფა დამოკიდებული იყოს მათი ნამსახურები წლების და გამომუშავებული თანხის ოდენობაზე. ეს სისტემა მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2017 წელი მთლიანად დაეთმობა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონმდებლობის შექმნას, ასევე დერივატიების შესახებ კანონმდებლობის შექმნას.
„2017 წელი მთლიანად დაეთმობა იმ აუცილებელ ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა, კასტოდიუმი, დეპოზიტარი და ასე შემდეგ, რომელიც გახლავთ განუყოფელი შემადგენელი ნაწილები ამ რეფორმის. უპირველეს ყოვლისა, რეფორმის შედეგად მომავლის პენსიონერები იქნებიან უფრო კარგად უზრუნველყოფილნი, მაგრამ ასევე გადადინების ეფექტები, რომელიც აქვს ამ რეფორმას, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, ვინაიდან ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი გრძელვადიანი ლარის რესურსი დაგროვდება ეკონომიკაში საინვესტიციო მიმართულებით გამოსაყენებლად, რაც თავისთავად განაპირობებს ადგილობრივი საფონდო ბაზრის აქტივობასაც, ვინაიდან შეიქმნება აუცილებელი ლიკვიდობა, რომელიც აუცილებელია საფონდო ბაზრის ოპერირებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა