დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) რეგიონულ დირექტორს სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში არგენტინა საბადოშს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა.
შეხვედრაზე სოზარ სუბარმა დელეგაციის წევრებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. სოზარ სუბარის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის დახმარება, რასაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სამინისტროს უწევს.
IOM-ის რეგიონული დირექტორის განცხადებით, შთამბეჭდავი და ინოვაციურია ის პროექტები, რასაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. არგენტინა საბადოშის თქმით, ეს პროექტები არის ერთგვარი მოდელი, რომელიც შესაძლებელია სხვა ქვეყნებმაც გაიზიარონ.
არგენტინა საბადოში საქართველოში 28 ნოემბერს ჩამოვიდა და იმ სამინისტროების ხელმძღვანელ პირებთან მართავს შეხვედრებს, რომლებთანაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მჭიდრო და პოზიტიური ურთიერთობის გამოცდილება აქვს. (R)