„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ ანალიტიკოსის, პაატა ბაირახტარის შეფასებით, აქციზის გადასახადის დაგეგმილი მოცულობით ზრდა ეკონომიკურ პროცესზე ნეგატიურად იმოქმედებს.
„2017 წლიდან, რეინვესტირების შემთხვევაში, მოგების გადასახადის გაუქმებით, ბიუჯეტის დანაკლისი 500 მილიონ ლარს მიაღწევს. დეფიციტის დაბალანსებას მთავრობა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით და სხვადასხვა პროდუქციაზე აქციზის გადასახადის გაზრდით გეგმავს.
აქციზის ზრდა იგეგმება ნავთობპროდუქტებზე. ერთ ტონა ბენზინზე აქციზის ღირებულება 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება, ხოლო ერთ ტონა დიზელზე, 150 ლარიდან 400 ლარამდე. ჩვენ ვთვლით, რომ ნავთობპროდუქტებსა და საავტომობილო გაზზე აქციზის მკვეთრი ზრდა სერიოზულად იმოქმედებს სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის ფასებზეც, საწვავის გაძვირება, რაც აქციზის გადასახადის ამ დოზით გაზრდის შემთვევაში გარდაუვალია, მნიშვნელოვნად იმოქმედებს მგზავრობის საფასურზეც.
საქართველოში საწვავის ფასი პირდაპირ არის დამოკიდებული საერთაშორისო ბაზრებზე, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, ბენზინზე აქციზის ღირებულების გაორმაგებისა და დიზელზე, ლამის გასამმაგების შემთვევაში, ლარის გამყარება მინიმუმ 30%-ით უნდა მოხდეს, რათა საწვავზე ფასების მასშტაბური ზრდა თავიდან იქნას აცილებული. კერძოდ, საწვავის თვითღირებულებაში აქციზის გადასახადს 15% უჭირავს და ერთი ლიტრი „რეგულარის“ თვითღირებულება 1.30 ლარია, საცალო ქსელში კი „რეგულარის“ ფასი 1.60 ლარის ფარგლებში მერყეობს. აქციზის ღირებულების დაგეგმილი მოცულობით შემდეგ ერთი ლიტრი „რეგულარის“ ფასი 1.90 ფარგლებში დაფიქსირდება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია არ აისახოს, როგორც სამამხმარებლო კალათაზე, ისე მგზავრობის ღირებულებასა და ზოგადად ეკონომიურ ფონზე, _ აცხადებს ბაირახტარი.
ბაირახტარმა ასევე სხვა პროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ საბიუჯეტო დეფიციტის ფონზე, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით ფიქსირდება, აქციზის გადასახადის ზრდა პრაქტიკულად გარდაუვალი იყო.
„ამ პროდუქტებზე აქციზის ზრდას გარკვეული პოზიტიური ეფექტი ეკონომიკისთვია ექნება. განაკვეთის ზრდა ერთი მხრივ, მოკლევადიანი მიზნებისთვის ქვეყანაში საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას ხელს შეუწყობს და მეორე მხრივ, გაჩნდება სტიმული იმპორტის შესაზღუდად. შეზღუდული იმპორტი თავისთავად ნიშნავს ქვეყნიდან გადინებული სავალუტო ნაკადების მოცულობის შემცირებას. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ იმპორტის შეზღუდვის პარალელურად, თუ მკვეთრად არ გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი, შედეგი უარყოფითი დადგება. საკუთრივ, ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებას და ამ გზით გადატვირთული მოძრაობის განტვირთვას და ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას, აქციზის ზრდაზე მეტი ეფექტი იქნება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა და სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღება.
რაც შეეხება მთავრობის მოლოდინებს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდით ამ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებასთნ დაკავშირებით, თამბაქოს შემთხვევაში მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სიგარეტზე ფასების ზრდა მოხმარების შემცირებას ხელს მნიშვნელოვნად ვერ უწყობს. დგება უკუეფექტი, რამდენადაც მომხმარებლები, როგორც წესი, უფრო დაბალი ხარისხის თამბაქოზე აკეთებენ არჩევანს. გარდა ამისა, საქართველოს პრაქტიკა აჩვენებს იმასაც, რომ 2005 წელს აქციზის ზრდის შედეგად საგრძნობლად „წახალისდა“ სიგარეტის კონტრაბანდა ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნებიდან“, _ აცხადებს „აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი.