3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიმართვას ავრცელებს.
”3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, ძვირფასო მეგობრებო, გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს.
ბუნების კანონია, რომ ერთი უნარის შეზღუდვის სანაცვლოდ ადამიანს სხვა უნარები ეძლევა უხვად. ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება სწორედ თქვენი შესაძლებლობების პატივისცემას ეფუძნება. ღრმად მწამს, რომ თქვენი ნიჭისთვის ფართო გზის მიცემა, თვითრეალიზაციის პირობათა შექმნა აუცილებელია, როგორც თქვენი ღირსეული ცხოვრებისთვის, ასევე – საზოგადოების სიჯანსაღისა და ყოველხმრივი განვითარებისთვის.
ამიტომ, პირობათა შექმნა საიმისოდ, რომ თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოვლინდეს და საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდეს, ყველა ჩვენგანის, საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა. მიგულეთ თქვენს უფლებათა უპირველეს დამცველად.
ჯანმრთელობას, მშვიდობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, _ ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.