პროექტ მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ, რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება, მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ინფორმაცია, თითქოს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის ნაცვლად ამერიკული საზღვაო ბაზა შენდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
კვლევას უცვლელად გთავაზობთ:
"21-27 ნოემბერს გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" გამოაქვეყნა ინტერვიუ ოკეანოგრაფ ნოდარ წივწივაძესთან, რომელიც გამოთქვამდა ეჭვს იმის თაობაზე, თითქოს ანაკლიაში პორტის ნაცვლად ამერიკული სამხედრო-საზღვაო ბაზა შენდებოდა. ანალოგიური ინფორმაცია სხვადასხვა დროს რუსეთის ხელისუფლების მედიებმა РИА Новости-მ და რადიო Sputnik-მა, ასევე პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის გამოცემა "საქინფორმმა” გავრცელეს. აღნიშნული ვებ-პორტალის სარედაქციო განცხადებები თავდაპირველად ქალაქ ლაზიკას, ხოლო მოგვიანებით ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდებოდა და ნატოს ვარშავის სამიტის ინიციატივის კონტექსში განიხილებოდა, რომელიც შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მიზნით თანამშრომლობას გულისხმობს.
მითების დეტექტორი დაუკავშირდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. გთავაზობთ კონსორციუმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ მასალას და ასევე ნატოს ვარშავის სამიტის დასკვნითი კომუნიკეს მიმოხილვას საქართველოსთან მიმართებაში, რომლებიც ცხადყოფს, რომ ინფორმაცია, თითქოს ანაკლიაში სამხედრო საზღვაო პორტი შენდება – უსაფუძვლოა.
რეალური ფაქტები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია შეიქმნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პორტი, რომლის სიღრმე და ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას. კერძოდ, 10,000-კონტეინერიანი (TEU) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემების მიღებას, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული ვერცერთი სხვა პორტი ვერ ემსახურება. პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად იგეგმება და მოიცავს 9 ფაზას. საბოლოოდ, მისი გამტარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს.
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პარალელურად დაგეგმილია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა, რომელიც განთავსდება ანაკლიის პორტის უკან. ეს განავითარებს პორტის გარშემო არსებულ ინფრასტრუქტურას და ადგილობრივ მოსახლეობას ანაკლიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დასაქმების საშუალებას მისცემს.
პორტისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობასა და განვითარებას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) უზრუნველყოფს. კონსორციუმის შემადგენლობაში შედიან TBC Holding და ამერიკული დეველოპერული კომპანია „Konti International”. „თიბისი ჰოლდინგი" ფინანსურ, უძრავი ქონებისა და საწარმოო ბიზნესში რამდენიმე კომპანიას, მათ შორის, თიბისი ბანკს აერთიანებს. „Konti International” 1906 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ახორციელებს მრავალმილიონიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს. იგი ზედამხედველობას გაუწევს პროგრამის განვითარებას. გუნდის დანარჩენი წევრები არიან ანაკლიის პორტის კონცეპტუალური დიზაინის ავტორი საერთაშორისო კომპანია „Moffatt & Nichol"; ჰოლანდიური საკონსულტაციო ფირმა საპორტო ტრანზაქციების საკითხებში Maritime & Transport Business Solutions (MTBS) და ქართული იურიდიული ფირმა BLC Law Offices.
ანაკლიის პორტის პროექტში 100 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს საქართველოც, რომლის მიერ გამოყოფილი თანხა ძირითადად საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნისა და ანაკლიის სატრანსპორტო ქსელთან დასაკავშირებლად დაიხარჯება. ანაკლიის პორტს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დააკავშირებს ევროპისა და აზიის კონტინეტს და ქვეყანას მისცემს საშუალებას გაზარდოს საკუთარი სატრანსპორტო, ფინანსური, სამრეწველო და ტურისტული პოტენციალი (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ოფიციალური ვებ-გვერდი).
ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტის დასკვნითი კომუნიკე
8-9 ივლისს, ნატოს ვარშავის სამიტის დასკვნითი კომუნიკე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების დაძლევისთვის თანამშრომლობას შეეხება. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ნატო გააგრძელებს შავი ზღვის სანაპიროს ქვეყნების ძალისხმევის მხარდაჭერას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ასევე გააძლიერებს დიალოგსა და თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან ამ მიმართულებით.
უშუალოდ საქართველოს კომუნიკეს 111, 112 და 113 მუხლები შეეხება. 111 მუხლში აღნიშნულია, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს წევრობისთვის მოსამზადებლად. ალიანსი მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს ნატოსთან დაახლოების კუთხით. ნატო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მნიშვნელოვან და მიმდინარე კონტრიბუციას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში და ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.
112- მუხლის თანახმად, ნატო გააგრძელებს მხარდაჭერას ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის მხრივ, რომელიც მიმართულია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებისკენ და ეხმარება ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში. ალიანსი უზრუნველყოფს საქართველოს საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო დაზვერვის მხარდაჭერას და ასევე გააღრმავებს ფოკუსს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებზე.
კომუნიკეს 113 მუხლში ნატო მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეწყვიტოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების შენება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან. ალიანსი არ აღიარებს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებს. კომუნიკეს მიხედვით, შეთანხმებები არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აშკარად ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო სამართლის, ეუთო-ს პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს", _ აღნიშნულია კვლევაში.