ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბოლო სხდომაზე მუნიციპალიტეტის ზღვისპირა ზონის სოფლების _ გრიგოლეთისა და წყალწმინდის სანაპირო მდგრადი განვითარების ინტეგრირებული გეგმა დაამტკიცა. საკითხი ყველა დეპუტატისთვის ერთნაირად მოსაწონი და მისაღები იყო, თუმცა, ზოგმა წარსული გამოცდილება არ დაივიწყა და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროექტს, სხვების მსგავსად, თაროზე შემოდება არ დაემუქრება.
"პროექტი მოსაწონია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყოველივე ქაღალდზე არ დარჩება, _ აღნიშნა საკითხის შეფასებისას დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ და საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად, ჯიხეთის დედათა მონასტრის შემთხვევა შეახსენა ოპონენტებს, _ 31-ვე დეპუტატმა დავუჭირეთ მხარი შარშან ჯიხეთის მონასტერში გასახორციელებელ პროექტს, მაგრამ ყოველივე ქაღალდზე დარჩა. დასრულდა 2016 წელი თითქმის და ხედავთ სადმე, რომ გახორციელდა?!"
წარსული გამოცდილება გაიხსენა კიდევ ერთმა დეპუტატმა ნონა მურვანიძემ, რომელსაც სტრატეგიული გეგმის ქონა მთლიანად მუნიციპალიტეტისთვისაც აუცილებლობად მიაჩნია:
"გასულ წელს დარეჯან ბურჭულაძის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა თითქმის ანალოგიური იყო, მაგრამ შემოიდო თაროზე. როცა ჩვენი მოწვევის საკრებულო შეუდგა მუშაობას, დასაწყისშივე მოვიკითხე რაიონის სტრატეგიული განვითარების გეგმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მსგავსი რამ არ არსებობდა. არადა, ეს გეგმა რომ იყოს, ბევრად კარგი იქნება".
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე საკითხის შეფასებისას აქცენტს გრიგოლეთის საკურორტო ზონად გამოცხადებაზე აკეთებს:
"როცა ეს თემა განიხილებოდა, დაისვა საკითხი, პირველად რა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა. ითქვა, რომ კარგი იქნება, თუ გრიგოლეთის კურორტად აღიარება მოხდება. ვფიქრობ, ამისთვის ფინანსები უნდა გამოიყოს".
რაც შეეხება უშუალოდ ზემოთ ნახსენებ პროექტს, მას მოქმედი საკრებულოს მხრიდან ლობირებას სუფსისა და წყალწმინდის მაჟორიტარი დეპუტატები _ ჯუმბერ ბლაგიძე და თემურ მარშანიშვილი უწევდნენ. ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის შემცველი პროექტის ავტორი წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილია.
როგორც ამირან გიგინეიშვილი ამბობს, პროექტის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ გრიგოლეთისა და წყალწმინდის მოსახლეობა და მაღალკვალიფიციური ექსპერტები.
"ადგილობრივთა ჩართულობა იმიტომ არის კარგი, რომ მათ ადგილზე უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ. სოფლიდან მიღებული ყველა ინფორმაცია ჩადებულია ჩვენ მიერ შემუშავებულ გეგმაში.
ეს პროექტი ერთობლივად უნდა განახორციელოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, უფრო მეტი წილი ეკუთვნის ცენტრალურ ხელისუფლებას და კიდევ უფრო მეტი _ დონორ ორგანიზაციას. არჩევანი ამ სოფლებზე კი იმიტომ შეჩერდა, რომ მათ შემთხვევაში, დონორი ადვილად მოიპოვება, რადგან ზღვისპირას მდებარე სოფლებია და აქ ეროზიის საშიშროება მეტია", _ თქვა ამირან გიგინეიშვილმა.
შეუშლის თუ არა ხელს გრიგოლეთში სტრატეგიული გეგმის გახორციელებას დაანონსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, ამ საკითხზე გიგინეიშვილს ასეთი მოსაზრება აქვს:
"როცა ხდება მსგავსი საწარმოს მშენებლობა, მას უნდა ახლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება. თუ ასე არ იქნება, ყველას შეგვიძლია, პროტესტი გამოვთქვათ. იქ არის სხვა სტრატეგიული ქარხანა, მაგრამ პრობლემები არ შექმნილა. დღეს 21-ე საუკუნეა, არის თანამედროვე ტექნოლოგიები და არ მგონია, ეს პრობლემა დადგეს".