ქუთაისში თოვს. ადგილობრივების ინფორმაციით, თოვლის საფარი რამდენიმე მილიმეტრია და ჯერჯერობით ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია.
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექიან ამინდს, თოვლს და ყინვებს კიდევ რამდენიმე დღით პროგნოზირებს.
უწყების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში, შავი ზღვის სანაპიროს რაიონებში -3, -5 გრადუსი დაფიქსირდება. კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში შესაძლოა -13, -14 გრადუსი დაფიქსირდეს.
ტემპერატურის მკვეთრად დაცემაა მოსალოდნელი მაღალმთიან რაიონებში. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსიდან -20 გრადუსამდე იქნება, დედაქალაქში კი ტემპერატურა – 5, -6 გრადუსამდე დაეცემა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო გზებზე კვლავინდებურად ფიქსირდება ლიპყინული და ნარჩუნდება საშიშროება. ხვალ დილიდან კი, დღის ბოლომდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი. საღამოს საათებში დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ხოლო ღამის საათებში _ ძლიერი თოვა. 8 დეკემბრს თოვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი _ ქარბუქი.
ფოტოები მოგვაწოდა ანი ინანეიშვილმა.