„ვინაიდან საქართველო უკვე ელოდება ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ კიდევ ერთხელ წინასწარ გაიაზროს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, _ ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, 10-20 მოქალაქის მიერ დარღვევამ შეიძლება უვიზო რეჟიმის უკან გაწვევა გამოიწვიოს.
„ვინაიდან საქართველო უკვე ელოდება ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ კიდევ ერთხელ წინასწარ გაიაზროს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ტურიზმისა და განვითარების მიზნების გარდა, საკუთარი თავისა და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისათვის გამოიყენოს. ლეგალური ჩასვლა ევროკავშირის ქვეყნებში და დათქმულ დროში უკან დაბრუნება უნდა გახდეს ჩვენი წესი, რისთვისაც ბიომეტრიული პასპორტი აუცილებელია.როდესაც უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, აუცილებელი იქნება, რომ ის პრინციპები დავიცვათ, რასაც ჰქვია 180 დღეში 90 დღით ადგილზე დარჩენა და ეს ვადა არ დავარღიოთ, რადგან შემდეგ ეს გამოიწვევს სანქციებს, ქვეყნის იმიჯს დააზიანებს. როგორც იცით, ბრიუსელში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი მიეცეს, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უვიზო რეჟიმის უკან გაწვევის მარტივი – შეჩერების მექანიზმი იარსებებს, რისი პრინციპებიც უკვე შეთანხმდა და ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება 10-20 მოქალაქის მიერ უვიზო რეჟიმის დარღვევამ ჩვენთვის, მთლიანად ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის უკან გაწვევა გამოიწვიოს. ამიტომაც, ჩვენ ბიომეტრიული დოკუმენტი უნდა ვიქონიოთ, ჯავშანი უნდა გვქონდეს, თუ სად მივდივართ, რა მიზნით მივდივართ, რადგან ნებისმიერ დროს, საზღვარზე მესაზღვრემ შეიძლება ეს ინფორმაცია მოგვთხოვოს. რაც მთავარია, მოცემული ქვეყნის კანონი უნდა დავიცვათ და არ დავარღვიოთ ის ვადები, რა ვადაშიც ევროკავშირის ზონაში უვიზოდ დარჩენის უფლება გვაქვს", _ განაცხადა თეა წულუკიანმა.