თურქმა სამართალდამცავებმა, ახალი წლის ღამეს, სტამბოლში, ბეშიკთაშის რაიონში მდებარე ღამის კლუბ Reina-ში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე ტერორისტის ვინაობა დაადგინეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ის ყირგიზეთის მოქალაქე 28 წლის ლახე მაშრაპოვია.
კონტრტერორისტულ საკითხებში წამყვანი თურქი ექსპერტის აბდულა აგარის განცხადებით, ტერორისტი შესაძლოა პროფესიონალი მკვლელია. აგარის განმარტებით, მკვლელის ქმედებები მიანიშნებს, რომ ის ქილერია და ადამიანებისთვის ადრეც არაერთხელ უსვრია.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს, სტამბოლში, ბეშიკთაშის რაიონში მდებარე ღამის კლუბში, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. კლუბში მოულოდნელად გახსნილი სროლის შედეგად დაღუპულია 35 და დაშავებულია 70-ზე მეტი ადამიანი.