თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეს სასჯელის ვადა შეუმცირდა.
საუბარია ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმის ნაწილში სასამართლომ უგულავას სასჯელი გადააკვალიფიცირა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, მოსამართლემ გიგი უგულავას საბოლოო სასჯელად 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა დაუტოვა.
ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმის ნაწილში თბილისის ყოფილი მერი 2015 წლის სექტემბერში დამნაშავედ ცნეს და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
რიყის პარკის ეპიზოდზე კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამართლდნენ.
გამამტყუნებელი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს, გამამართლებელი ნაწილი კი, პროკურატურამ.
პროკურორის განცხადებით კი, დასაბუთებული სარჩელის ჩაბარების შემდეგ, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.