ოპოზიციის ყველაზე დიდი გაერთიანება „ქართული ოცნებიდან“ იყო, რომელსაც მანანა კობახიძე, დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი და სხვა წევრები წარმოადგენდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელი და დავით გამყრელიძე.
“ჩვენ ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე, უკანონო ჯარიმებსა და ასევე უკნონო სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ასევე ჩვენი მომხრეების დევნაზე, სამსახურიდან გათავისუფლებასა და ხელისუფლების მხრიდან ათასგვარი ძალისმიერი მეთოდის გამოყენებაზე, იგივე მერეთის ინციდენტზე. ვისაუბრეთ ახალაიაზეც, მერაბიშვილზეც და ამ ახალ სამთავრობო ცვლილებებზე,” _ განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში.
_ ქალბატონო მანანა, შტეფან ფულეც იცნობს ახალ შს მინისტრს, ბაჩო ახალაიას?
_ ბატონ ფულეს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია აქვს ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და როცა პირისპირ ესაუბრები, ძალიან კარგად ხვდები, რომ ყველაფერი იცის, რაც აქ ხდება. ძალიან საინტერესოდ წარიმართა ეს დიალოგი.
_ რა ინფორმაციას ფლობდა ფულე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით?
_ აბსოლუტურად ყველანაირს და ევროკავშირი ძალიან არის დაინტერესებული, საქართველოში არჩევნები სამართლიან გარემოში და მშვიდობიანად ჩატარდეს.
_ იყო თუ რა საუბარი კონტროლის პალატის ჯარიმებთან დაკავშირებით?
_ რა თქმა უნდა, დოკუმენტებიც წარვადგინეთ და ვთხოვეთ, რომ იშუამდგომლონ ხელისუფლებასთან, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც გადასინჯავს ამ გადაწყვეტილებებს. იმიტომ, რომ ეს არის რაღაც გაუგონარი ჯარიმები და თუ აღსრულება დაიწყო, გამოდის, რომ “ქართული ოცნების” პარალიზება სურთ, რასაც ვერ მიაღწევენ.
_ რაც შეეხება ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, მათ რაზე ისაუბრეს?
_ მაგალითად, რაც შეეხება დავით გამყრელიძეს, მას ბატონმა ფულემ პირდაპირ ჰკითხა, _ ამხელა კოალიციაა და შენ აქ რატომ არ ხარ გაწევრიანებულიო?
_ რა უპასუხა დავით გამყრელიძემ?
_ ვერაფერი. მან პასუხი ვერ გასცა. გამყრელიძემ ილაპარაკა ყველაფერზე, დაწყებული საბჭოთა დროიდან, შემდეგ გაიხსენა ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და ბოლოს ისიც თქვა, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც პარლამენტში არ შევიდნენ თუ ვერ შევიდნენ, მოკლედ, როგორც იყო, გადაწყვიტეს კომპრომისზე წასვლა. აი, ასე თქვეს პირდაპირ, რაც იმის თქმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან კომპრომისზე არიან წასულები.ყოველ შემთხვევაში, ინგლისურად სწორედ სიტყვა „კომპრომისი“ გამოიყენა და მე ასე გავიგე. თუ რაიმეს არასწორად ვამბობ, შეგიძლიათ ჰკითხოთ, რას გულისხმობდა ამ სიტყვაში. მან განაცხადა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, რა მოვლენებიცპოლიტიკაში ხდებოდა, გადავწყვიტეთ კომპრომისზე წასვლაო.
თუმცა, რომც არ ეთქვა მსგავსი რამ, ოპოზიციად ჩვენ ისედაც ვერ აღვიქვამთ მას, ისედაც ფსევდოოპოზიციაა. ფულე ნამდვილად გაკვირვებული იყო იმით, რატომ არ იყო გამყრელიძე ასეთ ძლიერ ოპოზიციურ გაერთიანებაში. გამყრელიძემ ილაპარაკა ყველაფერზე, მაგრამ ამ კითხვაზე ევროკომისარს პასუხი მაინც არ გასცა.
“გურია ნიუსი” დავით გამყრელიძის კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.