ფარული მიყურადების საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს პირველ შეხვედრას გამართავს.
ხელისუფლების განმარტებით, საკითხზე მსჯელობისას, სახელმწიფომ ორი მიმართულებით უნდა გაამახვილოს ყურადღება _ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უსაფრთხოების სფეროში.
”ყველა ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს გარანტირებული და სახელმწიფოს ეს მაღალი პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი ყველა შესაბამისი ინსტრუმენტით ისე, რომ არ მოხდეს არაპროპორციულად პირად დაცულ სივრცეში ჩარევა. ამ ბალანსის დაცვაზე ყველანი ვთანხმდებით. ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ შეიძლება მოვიფიქროთ კონტროლის დამატებითი მექანიზმები", _ განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, სასამართლოს განმარტებით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სამსახური, ან უნდა დაექვემდებაროს ისეთ უწყებას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს გამოძიებასთან, ჩვენი პოზიცია კი მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას სრულიად დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც დაექვემდებარება პარლამენტს.
„ე.წ. ოტო უნდა გამოვიდეს სუს-იდან და შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო. მეორე არის ეფექტური საპარლამენტო კონტროლი. ეფექტურ საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან მზაობა არის, რაც არის ძალიან კარგი. მსჯელობის საგნად რჩება, თუ ვის უნდა დაექვემდებაროს დამოუკიდებელი სააგენტო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპტიმალური ვარიანტი იქნება, თუ დამოუკიდებელი სამსახური დაექვემდებარება პარლამენტს და შეიქმნება მისი დამოუკიდებლობის გარანტი. ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, უმრავლესობა ჩამოყალიბებული არ არის“, _ განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
"ნაციონალური მოძრაობის" აზრით, მოსმენების ე.წ. გასაღები კვლავ სუს-ის ხელში დარჩება, რადგან ქვეყნის მართვა პირადი თვალთვალითა და მოსმენების საშუალებით მიმდინარეობს. ივანიშვილი კი ამას ვერ შეელევა.
"როცა ეს კანონპროექტი განიხილებოდა პარლამენტში, გვქონდა ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ სუს-ში ეს გასღები არ უნდა იყოს, ახლა 31 მარტამდე უნდა გასწორდეს საკანონმდებლო ხარვეზი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მიღებულ კანონს. ძნელად წარმომიდგენია, რომ ივანიშვილი შეელევა ამ გასაღებს. იმიტომ, რომ დღემდე, ქვეყნის მართვა ხდება პირად თვალთვალზე, მოსმენებზე დაყრდნობით და ამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს სუს-ის საშუალებით. ამიტომ ვთქვი, რომ ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეიცვალოს", _ განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.