საქართველოში ყოველი მე-8 ადამიანი სახელმწიფო შემწეობას იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის დეკემბერში სახელმწიფო სუბსიდია 476 084-მა მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86 434 ათასით მეტია, 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით, შემწეობას სულ 389 650 ადამიანი იღებდა.
სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საქართველოში 3 720 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 12,7% იღებს.
ამასთან, არსებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია სიღარიბის მაჩვენებელი 9-10%-ის ფარგლებში იყო. კერძოდ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რეგისტირებული წილი 2011 წელს – 9,2% , 2012-2013 წლებში კი 9,7% იყო, 2014 წელს – 11,6%, 2015 წელს კი სიღარიბის მაჩვენებელი იყო – 10,1%.
რაც შეეხება 2016 წელს, სტატისტიკის სამსახური სიღარიბის მაჩვენებელს მაისის ბოლოს გამოაქვეყნებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს არსებულ მონაცემზე დაყრდნობით კი, გამორიცხული არ არის, რომ 2015 წელთან შედარებით „სიღარიბის გრაფაში" უფრო მაღალი მაჩვენებელი ჩაიწეროს.
წყარო: "კომერსანტი"