ბინები, მიწის ნაკვეთები და რამდენიმე ათასი საბანკო ანგარიშებზე – ეს პარლამენტის ყოფილი დეპურტატის, სანდრა-ელისაბედ რულოვსის ქონებაა.
2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ სანდრა რულოვსი ფლობს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე 318.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას და ასევე, ბინებს ნიდერლანდების სამეფოში. კერძოდ, ტერნეუზენში, ჩერჩილის გამზირზე მდებარე 120.00 კვ.მ-ისა და კადზანდში, ბულვარ უილინგენზე მდებარე 75.00 კვ.მ-ის ფართობის ბინებს. ასევე, მის 100%-იან საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი ყვარელში (ლამიანები), რომლის ფართობიც 1230.00 კვ.მ-ია.
ხოლო მისი მეუღლის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 100% -იან საკუთრებაშია 4 მიწის ნაკვეთი ყვარელში, რომელთა საერთო ფართობი 7296.00 კვ.მ-ია. ასევე, ყვარელში (ლამიანები) მდებარე კიდევ 5 ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობიც 11904.00 კვ.მ-ია და 500.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი გუდაურში.
აღსანიშნავია, რომ ქონების ნაწილი სააკაშვილი-რულოვსის ოჯახს 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაშიც უწერია, თუმცა, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე 164.00 კვ.მ-ის ფართობის მანსარდი, რომელიც სანდრა რულოვსის საკუთრებაში იყო; ასევე, ყვარელში, (ლამიანების დასავლეთით) მდებარე 97.00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი (მიხეილ სააკაშვილის 100%-იან საკუთრებაში) რულოვსის ახლადშევსებულ დეკლარაციაში აღარ წერია.
სამაგიეროდ, ოჯახის ქონებას, 2013 წლის შემდეგ დაემატა ნიდერლანდების სამეფოში არსებული ორი ბინა, რომელიც სანდრა-ელისაბედ რულოვსის 100%-იან საკუთრებაში, რომელ წელს შეიძინა ეს ბინები ოჯახმა, დეკლარაციაში აღნიშნული არ არის.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სანდრა-ელისაბედ რულოვსის ანაბრებზე თი–ბი–სი ბანკში 44800.00 ლარი და 8500.00 დოლარი ირიცხებოდა, ხოლო ING Bank -ის ანაბარზე 28000.00 ევრო იყო; გარდა მას ნაღდი ფულის სახით 15000.00 დოლარი ჰქონდა.
მიხეილ სააკაშვილს ბანკ Ukraine-ს ანაბარი 57000.00 დოლარი ჰქონდა; ამავე ბანკის მეორე ანაბარზე 129950.00 უკრაინული გრივნა (10 უკრაინული გრივნა=1.02 ლარს), ხოლო ბანკ France-ს ანაბარზე – 48000.00 ევრო ერიცხებოდა.
ასევე, 35 000.00 ევრო ING ანაბარზე არის სანდრა რულოვსის შვილის, ნიკოლოზ სააკაშვილის სახელზეც.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქონებრივ დეკლარაციაში არაფერი წერია სანდრა-ელისაბედ რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის გასული წლის შემოსავლებთან დაკავშირებით.
ქონებრივი დეკლარაციის გრაფები – "საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა"; "საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში"; "საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა"; "საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან დღემდე დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3000 ლარს (მათ შორის წილის მინდობის ხელშეკრულება ღირებულების მიუხედავად)", ცარიელია.
ცნობისთვის, სანდრა-ელისაბედ რულოვსმა დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადა, მისი ადგილი პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა დაიკავა.