პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა.
"ვერანაირ ვარაუდზე და ვერსიებზე ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია განვაცხადოთ არის ის, რომ ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება, ველოდებით მის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება ეფექტური”, _ განაცხადა მიშველაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური მეგობართან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ, გვიან ღამით დაჭრეს. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.