საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა.
გიორგი მარგველაშვილის ეკონომიკური მრჩევლის მაია მიქელაძის განმარტებით, ლარიზაციას, ონლაინ სესხების შეზღუდვის, გალარების პოლიტიკის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და ამასთანავე, კომერციულ ბანკებთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალურად განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, შეთავაზებულ კანონპროექტს ვეტო არ დაადოს.
მიქელაძის განმარტებით, არსებობს იმის საშიშროება, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე. ამასთანავე, დასაშვებია, რომ საპროცენტო განაკვეთმა ლარში გაცემულ სესხებზე მომავალში აიწიოს, ხოლო მოთხოვნამ გადაინაცვლოს ჩრდილოვან სექტორში.
„გვაქვს კითხვები საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამ კანონპროექტების ფორსირებულ რეჟიმში განხილვასა და მიღებასთან დაკავშირებით იმის ფონზე, რომ არ არსებობდა სათანადო კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან საკანონმდებლო ინიციატორების მხრიდან. ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან, მოვისმინეთ აბსოლუტურად ყველა მხარის შეხედულება და შევჯერდით საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რომ ყველა ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღმოფხვრილი იქნება. ამ რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ კანონპროექტებს მოაწეროს ხელი“, – განაცხადა მაია მიქელაძემ.
ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-იანი ლიმიტის დადგენა, ნაცვლად 150%-იანი ლიმიტისა, ონლაინსესხების კომპანიებს საქმიანობის წარმატებით გაგრძელების საშუალებას აღარ მისცემს.
"სამოქალაქო კოდექსში ჩაიწერა მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, როგორც ჯარიმის, ისე დაფარვის, საურავის და ასე შემდეგ, ჯამურად, წლიურად არ შეიძლება აღემატებოდეს 150%-ს. რაც იმ ბიზნესმოდელს, რომელიც ჩვენ გვქონდა ონლაინსესხების ნაწილში, არ აძლევს საშუალებას, წარმატებით გააგრძელონ ფუნქციონირება", _ ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.
არსებული ინფორმაციით, ონლაინსესხების საშუალო "საბაზრო" განაკვეთები, ძირითადად, 400-700%-ის ფარგლებში მერყეობს. მართალია, ონლაინსესხების გამცემ კომპანიებში პირველი აღებული სესხი უპროცენტოა, ყოველი მომდევნო სესხის დაფარვა მოქალაქეებს მაღალი ლიმიტით უწევთ და საშუალოდ, ეს პროცენტი 400-500-ს შეადგენს. აღნიშნული კანონპროექტით კი, ონლაინსესხების კომპანიები, 100%-იანი ლიმიტის შემთხვევაში, ეფექტურ 98%-ს მიიღებენ. ეს კი, სავარაუდოდ, ონლაინსესხების ბაზარზე არსებული კომპანიების რაოდენობას, აგრეთვე მოსახლოებაზე, რომელსაც ფული ხელფასიდან ხელფასამდე არ ჰყოფნის, გაცემული მიკროსესხების რაოდენობას შეამცირებს.