საქართველოს მთავრობის მიერ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება წარმატებად სულაც არ მიაჩნია ეკონომიკის ექსპერტს ლადო პაპავას, მისი განმარტებით, ჩვენ წინა ხელშეკრულებით ტრანზიტის საფასურად სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირის 10% გვრჩებოდა, რაც საქართველოსთვის ხელსაყრელი კონტრაქტი იყო, ახალი ხელშეკრულებით კი ამ 10 %-ის საფასურს ფულის სახით ავიღებთ, რაც საკამარისი არ არის ამავე მოცულობის გაზის საყიდლად, ამიტომაც ეს ხელშეკრულება რაიმე სტანდარტებს არ შეესაბამება და რუსეთი ვალდებული არაა დაიცვას რაიმე სტანდარტები.
„კახა კალაძე რომ ამბობს _ ტრანზიტის საფასურის ტარიფი საერთაშორისო სტანდარტისააო, "საერთაშორისო სტანდარტის" ტარიფის ცნება არ მესმის. თუ ევროკავშირზეა ლაპარაკი, ამ ორგანიზაციას აქვს ენერგეტიკული ქარტია, რომელზეც საქართველოც მიერთებულია, მაგრამ რუსეთმა ამაზე უარი თქვა, შესაბამისად, მას არა აქვს არანაირი ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები. ამიტომ ეს განცხადება გაუგებარია…საქმე ის არის, რომ "გაზპრომი" სახელმწიფო კომპანია კი არის, მაგრამ მაინც კომპანიაა, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო კი პოლიტიკური ორგანოა, ამიტომ, თავის დროზე, ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო ან საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს (ან ენერგეტიკის სამინისტროებს) შორის, ან "გაზპრომსა" და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის, ანუ ვისაც ეს გაზსადენი ეკუთვნის. მოკლედ, არათანაბარზომიერი ხელშეკრულებაა. ადრე, როდესაც ამას მოეწერა ხელი, საქართველო არ დაზარალებულა, ახლა კი არათანაბარ პირობებში ვართ", _ განმარტავს ექსპერტი“კვირის პალიტრასთან“ საუბარში.
ლადო პაპავას მიაჩნია, რომ თუ "გაზპრომთან" მოლაპარაკებისას საქართველოს სამთავრობო დელეგაციზე ვინმეს მხრიდან ზეწოლა იყო, ეს უნდა ითქვას, რადგან შეიძლება ყველა ჩოლოყაშვილი არ იყოს, მაგრამ ორჯონიკიძის როლი არ უნდა შეასრულოს.
„გაიძახიან, წარმატებას მივაღწიეთო… შარშან, როდესაც კალაძემ შეთანხმების მიღწევა ძველი პირობებით მოახერხა, გაიძახოდა, გავიმარჯვეთო, შარშან თუ გაიმარჯვა, მაშინ წელს უნდა თქვას, დავმარცხდითო. შარშანაც გაიმარჯვა და წელსაც?! ეს ორი გამარჯვება ერთმანეთს რომ გამორიცხავს?! რაც მოხდა, აშკარად არის საქართველოს დათმობა რუსეთისთვის. სერგო ორჯონიკიძესაც ეგონა, თუ საქართველოს რუსეთს მიუერთებდა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა. შეუძლებელია, ყველა ხმალამოღებული ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყოს, მაგრამ სერგო ორჯონიკიძეს ან თუნდაც მის `ჩრდილს~ მაინც ნუ დაემსგავსები და ნუ დაიწყებ იმის მტკიცებას, ეს "ოპტიმალური" შეთანხმებააო!" _ აცხადებს პაპავა.