ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მოსახლეობამ ოზურგეთი- მერია-ნატანების დამაკავშირებელი ცენტრალური გზის გამო პროტესტი დღეს კიდევ ერთხელ გამოხატა.
ბოლო თვეების განმავლობაში ნატანები-ურეკის დამაკავშირებელი 35-კილომეტრიანი საავტომობილო გზა მნიშვნელოვნად დაზიანდა. აღნიშნულ გზაზე, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობისაა, მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილები ინტენსიურად გადაადგილდებიან, რამაც გზის დაზიანება გამოიწვია. დღეს აქ ავტომობილებს თავისუფლად გადაადგილება უჭირთ და მდგომარეობა მძიმეა.
მოსახლეობის თქმით, სოფელი, რომელიც ყველა შემოსავლიანი იყო, დღეს განადგურებულია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს საავტომობილო გზა; ცენტრი დაჭაობებულია და ანტისანიტარიად არის ქცეული.
მათივე თქმით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოფელ თხინვალში გათავისუფლებული გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე, მერიაში დანიშნა თანაშემწედ, რომელსაც სოფლისთვის არაფერი გაუკეთებია.
აღნიშნული პრობლემების გამო მოსახლეობა სოფლის ცენტრში შეიკრიბა და ცენტრალურ ხელისუფლებას სოფლის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა კიდევ ერთხელ მოსთხოვა.
"ასეთი სოფელი არ არსებობს გურიაში, მერია ხუთი სოფლის ცენტრია, ამ სოფლიდან გადის მილიონობით კუბამეტრი ქვიშა, ჩვენი სავარგულები აოხრებულია, ტბები დგას ყველგან, აქ იყო რამდენიმე წარმოება: წვენების ქარხანა, შემფუთავი ქარხანა, ზეთების ჩამომსხმელი ქარხანა, ფუნქციონირებდა ორი ჩაის ფაბრიკა, სამრეწველო ცენტრი იყო, ახლა მიწასთან არის გასწორებული, ააოხრეს ყველაფერი ამ დიდმა მანქანებმა. 10 კილომეტრის მანძილზე, მტვერი, ორმოები, ტალახი, ავარიებია. გზის სავალი ნაწილი და მისი მიმდებარე ტერიტორია აოხრებულია, წვიმაში გზაზე ვერ გაივლი. მთავრობიდან არანაირი ყურადღება არ გვაქვს, გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე კარგი ახალგაზრდაა, მას არ შეუძლია, არ ანებებენ ეტყობა თუ არა, რომ შეეძლოს ამდენ ხალხს არ გაანაწყენებდა, საბავშვო ბაღი გააკეთეს და არაფრად არ ვარგა, აქ უნდა ყოფილიყო კომპლექსური ბავშვთა ბაღი, ერთ ოთახშია "შეყრილი" 45 პატარა, მზიან ამინდში ბავშვები გარეთ ვერ გამოდიან, ეს რატომ ხდება იცით? დარჩია, რომ არის საკრებულოს თავმჯდომარე იმას რომ მისი ნათესავები დაესაქმებინა ამიტომ ხდება ეს. მზარეულიც თვითონ უნდა დანიშნოს, რწმუნებულიც მისი გამოგზავნილია, ამიტომაა კარგად ჩვენი საქმე", _ აცხადებს სოფლის მცხოვრები ვახტანგ მარგალიტაძე.
"700 კომლიან სოფელში თხინვალიდან განთავისუფლებული გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე დაგვინიშნეს აქ, თხინვალელი, არ შეიძლებოდა ჩვენი სოფლიდან დაენიშნათ ვინმე? ჩვენი ადგილობრივები ვინც ამ ადგილზე მუშაობდნენ სახლში წავიდნენ, თუ ვინმე გასათავისუფლებელი და შესამცირებელი იყო, აქ რატომ დანიშნეს. გვეტირება ქუჩაში რომ გამოვდივართ, ასეთი უგზოობა სადმე იქნება? რას ჰგავს ყველაფერი, ამ მცირემიწიან სოფელში ჰექტრობით ბალახია მოჭრილი, შინაური პირუტყვისთვის საბალახო აღარ დაგვრჩა, სად წაიღეს ეს ბალახი რომ მოიჭრა? იგივე მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს საუკუნე სჭირდება, აღარც განათება გვაქვს, ისეთ ადგილზეა ბოძი წაქცეული ღამე ვიღაცამ შესაძლოა თავი წაიმტვრიოს", _ ამბობს ამავე სოფლის მკვიდრი ფიქრია მაღრაძე და დასძენს: „თუ ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუძლია არსებული პრობლემების მოგვარება, გზა მაინც გვიჩვენონ, ვის მივაკითხოთ".
"თუ ჩვენს რწმუნებულს და მის თანაშემწეს, სოფლის დეპუტატს არ შეუძლია ჩვენი დაცვა და ჩვენი გასაჭირის გულთან და ხელისუფლებასთან მიტანა ან გამოცვალონ, ან გზაზე დაგვაყენონ. სოფელი ფაქტიურად აღარ არსებობს ბაღში კანალიზაცია არაა, საშინელი სიტუაციაა, ყველგან გაზია და ჩვენთან არაა, მილიონობით კუბამეტრი ხრეში გადის ჩვენგან და გზა არ გვაქვს, ნახეთ შიდა გზები რას ჰგავს, ვერ გახვალთ, ტბებია ყველგან. ერთი ლარი არ ხმარდება ამ სოფელს მოგვხედონ, მათ ვალდებულება აქვთ, ჩხირი არ აქვს გადაბრუნებული ჩვენს გამგებელს და სამ სოფელს დაუყენეს უფროსად", _ აცხადებს მაღრაძე.
მსგავსი დამოკიდებულება აქვთ სოფელში არსებული პრობლემების მიმართ სხვა მაცხოვრებლებსაც.
იური გოგატაძე: " არ დავაბიჯებინებთ თავზე ფეხს არავის, არ გვეგულება ასეთი განადგურებული და ჩაოხრებული სოფელი , ერთი გაჭირვება გვაქვს ყველას, ფაქტიურადა აღარ არსებობს გზა ცენტრალური, დაბზარულია სახლები, აქ გაჩერება შეუძლებელია, ვერ შევსულვართ სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრში, კაცი პატრონი არაა იმხელა ტალახია. ბოძი წაიქცა, კაცი პატრონი არაა. საბალახო გვქონდა ისიც წაგვართვეს. მოდის ვიღაც ერთი პიროვნება ჭრის და აბარებს ქობულეთში, 18 დოლარად იყიდებაო. რწმუნებულმა გვითხრა, ეს კი იყიდებაო მაგრამ ჩვენთან არა რაიონის ბიუჯეტში შედისო და მერე მოგვცემენ ჩვენ თანხასო და საინტერესოა, თუ იხდის ის ვიღაცა ფულს და ჩვენს სოფელს რა სარგებელი აქვს მაგით?!"
"ნახეთ, რა მდგომარეობაა სოფლის ადმინისტრაციული შენობის ირგვლივ დაჭაობებული არხები ზაფხულობით გველ-ბაყაყითაა სავსე, ახლა ტალახით და ორმოებით, გამგეობის უკან ანტისანიტარიული არხია, რომელიც წვიმების დროს, ფეკალური მასითაა სავსე, საგანგაშო მდგომარეობაა სოფლის ცენტრში, რამდენიმე წელია უკვე წელია ეს ადგილი, სიბინძურის ბუდედაა ქცეული, გაგვაგებინონ როდის გაკეთდება ეს ცენტრალური გზა", _ ამბობს ამავე სოფლის მცხოვრები მურმან დანელია.
ნატანები-ურეკის დამაკავშირებელ გზასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე აცხადებს, რომ გზის რებილიტაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენციაა და ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს:
"როგორც მაქვს ინფორმაცია, აღნიშნული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს."_ამბობს ჭანუყვაძე.
რაც შეეხება გამგებლის წარმომადგენლების გათავისუფლების საკითხს, ჭანუყვაძე ამბობს, რომ ეს ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის საფუძველზე განხორციელდა.
"საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და საბიუჯეტო ორგანიზაციების ოპტიმიზაციის საკითხს უკავშირდება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 10 იანვრის ბრძანების (N53) (შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლდა გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწეები 15 ადმინისტრაციულ ერთეულში: ჯუმათი, ნატანები, დაბალაითური, მაკვანეთი, შრომა, ვაკიჯვარი, ბახვი, დვაბზუ, კონჭკათი, თხინვალი, გურიანთა, დაბაურეკი, ლიხაური, ასკანა, ძიმითი. რაც შეეხება, მერიის ადმინისტრაციულ ერთეულს, ამ შემთხვევაში გამგებლის წარმომადგენელის თანაშემწეების შემცირება არ მომხდარა.
მერიის თემში გამგებლის წარმომადგენლის გრიგოლ კოსტავას თანაშემწეებმა თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. კოსტავას თანაშემწის პოზიცია კი, ნანული ხურციძემ დაიკავა. მას აქვს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და არის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრში მდებარე სოციალური სახლის მაცხოვრებელი", _ ამბობს ჭანუყვაძე.
„გურია ნიუსი" მერიის მოსახლეობის პრობლემასთან დაკავშირებით ვრცელ მასალას მოგვიანებით კიდევ შემოგთავაზებთ.