27 იანვარს, ოზურგეთში, ანასეულში, ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის ორგანიზებით, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრში გაიმართა სემინარი თემაზე: "მცენარეთა კვების ეფექტიანი ტექნოლოგიები".
სემინარი ჩატარდა მინერალური სასუქების მწარმოებელი, შვეიცარიაში რეგისტრირებული საერთაშორისო მასშტაბის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია _ "ევროქიმის" ინიციატივით, რომელიც აქტივებს მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში ფლობს.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებული ოზურგეთელი ფერმერები, ბიზნეს-ოპერატორები, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი და სამინისტროების სპეციალისტები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
კომპანია "ევროქიმის" წარმომადგენლებმა შეკრებილ დაინტერესებულ ფერმერებს გააცნეს ინფორმაცია მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის შესახებ. როგორც აღნიშნეს, მათი ეფექტური ტექნოლოგია მდგომარეობს იმაში, რომ აწარმოებენ სხვადასხვა, რთულ, კომპლექსურ სასუქებს. ეს არის NPK-ს (რომლის გამოყენებაც დღეს ხდება სხვადასხვა კლიმატური და ნიადაგური პირობების გათვალისწინებით) ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს მაღალეფექტური აზოტოვანი სასუქების წარმოებას და გამოყენებას. ეს არის KAS _ 32. ასევე, არის წყალში ხსნადი მინერალური სასუქების წარმოება და მისი გამოყენება ფესვგარეშე გამოკვების შემთხვევაში.
პროგრამაში მონაწილეობდა და ფერმერებს ესაუბრა "ევროქიმის" გენერალური დირექტორი ზინაიდა პავლოვა.
_ ამ შეხვედრის მიზანი უდიდესია, _ აღნიშნა ინსტიტუტის დირექტორმა თემურ რევიშვილმა, _ კერძოდ, დასავლეთ ზონის პირობებში, კონკრეტულად გურიაში, რთული კომპლექსური სასუქების გამოცდა ფერმერულ მეურნეობებში უნდა დაიწყოს. უნდა მოხდეს ამ სასუქების ეფექტურობის დადგენა იმ მნიშვნელოვანი კულტურების პირობებში, როგორებიცაა: ჩაი, ვენახი და თხილი. მარცვლოვნებიდან კი _ სიმინდი. ინსტიტუტის პირობებში ამ გამოცდისთვის გამოიყოფა ოთხი კონკრეტული ფართობი, მოხდება ფირმისგან შემოთავაზებული რთული კომპლექსური სასუქების ეფექტურობის გამოკვლევა. ამ სასუქებს ფირმა თავიდან უფასოდ მოგვაწვდის და ეფექტურობის შემთხვევაში, გვთავაზობენ საქართველოში შემოტანას და რეალიზაციას.
სტუმრებმა სლაიდების მეშვეობითაც აჩვენეს მასპინძლებს სასუქების ეფექტური გამოყენების გზების, დოზების რაოდენობის შესახებ, ესაუბრნენ ნიადაგში შეტანის წესებზე.
კითხვაზე, თუ რა ვადებში მოხდება ეს, ფერმერებს უპასუხეს, რომ გამოსაცდელი დრო სხვადასხვა კულტურას სხვადასხვა დასჭირდება. კერძოდ, მარცვლოვნებში ეს იქნება ერთი სავეგეტაციო პერიოდი, ხოლო მრავალწლიან კულტურებს ორიდან ხუთ წლამდე დრო დასჭირდება.
შეხვედრას უძღვებოდა ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი თემურ რევიშვილი.
აღნიშნულ სამეცნიერო პროგრამას ხელმძღვანელობას უწევს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვალერიან ცანავა.