ერთადერთი გზა ლანჩხუთში, სადაც მოძრაობა შეუფერხებლადაა შესაძლებელი, ცენტრალური ავტომაგისტრალია. ქალაქისა და სოფლების შიდა გზები ლიპყინულითაა დაფარული. გარდა ამისა, მოსახლეობის თქმით, გზების გაწმენდაზე ადგილობრივ ხელისუფლებას თავი დიდად არ შეუწუხებია და შედეგიც სახეზეა.
„კი ამბობენ, გზები გავწმინდეთო, მაგრამ, ეტყობა ქალაქის ცენტრში თუ გაატარეს სადმე ტრაქტორი. არაფერი ეტყობა ჩვენს ქუჩებს გაწმენდილის. შარშანდელთან შედარებით, თოვლის საფარის სიმაღლე ნაკლები იყო და ავტომანქანებს არ გაჭირვებია მოძრაობა, გზა თავისით გაიკვალეს. წუხანდელი ძლიერი ყინვის გამო კი ისეა გზები მოყინული, ფეხით მოსიარულებსაც და ატომანქანებსაც უჭირს მოძრაობა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ყველგან მოყინულია გზები“, _ ამბობენ ლანჩხუთელები.
უგზოობის პრობლემა განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში აწუხებთ, სადაც მოსახლეობა ამბობს, რომ შიდა გზები მოყინული და გაუწმენდავია, რის გამოც ტრანსპორტი, ფაქტობრივად, ვეღარ მოძრაობს და მოსახლეობა რაიონულ ცენტრთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.
ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ალექსანდრე სარიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იმ ტექნიკით, რაც მათ გააჩნიათ, შეუძლებელი იყო გზების სრულფასოვნად გაწმენდა.
„რაც შეგვეძლო, იწმინდებოდა სოფლის გზები, მაგრამ „ბელორუსის“ ტრაქტორით ბოლომდე ვერ ხერხდებოდა სამუშაობის გახორციელება. ისეთ მაღალმთიან სოფელში, როგორიც კოკათია ამ ტექნიკით შეუძლებელია მუშაობა“, _ გვითხრა სარიშვილმა.
აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლები კი ხელისუფლებას სრულ უყურადღებობაში ადანაშულებენ.
„რა გზის გაწმენდაზეა საუბარი, სად გვაქვს აკეთელებს გზა და კვალი, ასეთ ამინდში კი არა, ოდნავ რომ ჩამოთოვს, მაშინ არ მოძრაობს აქეთ ტრანსპორტი. ექიმი, წამალი და სასწრაფო რომ დაგვჭირდეს, კაცი არაა ჩვენი პატრონი“, _ ამბობენ აკეთელები ჩვენთან სატელეფონო საუბრისას.
როგორც ადგილობრივები "გურია ნიუსს" ატყობინებენ, მუნიციპალიტეტის ყველა მაღალმთიან სოფელში ანალოგიური მდგომარეობაა. ორდღიან თოვას ძლიერი ყინვაც დაერთო და გზები მოყინა, რამაც კიდევ უფრო გაართულა მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებთა მდგომარეობა.