BBC-ის ინფორმაციით, უკრაინაში ქალაქ ავდიივკადან შესაძლებელია მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ევაკუაციის დაწყების შემთხვევაში ყოველდღე 8 000-მდე ადამიანის გამოყვანა მოხდება ქალაქიდან, რომელსაც არც სასმელი წყალი და არც ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
მათივე თქმით, ევაკუაცია იმ შემთხვევაში დაიწყება თუ საბრძოლო ესკალაციას ადგილი კიდევ ექნება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ 16 000-დან 22 000-მდე მერყეობს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქში ასევე 10 ტონა საკვების შეტანაა დაგეგმილი.
კიევის ხელისუფლების განცხადებით, კვირასა და ორშაბათს განახლებულ საომარ ქმედებებს 7 სამხედრო ემსხვერპლა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე ძალადობრივი ქმედებების მატებას ერთმანეთს აბრალებს.
რუსეთის ხელისუფლების პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ავდიივკაში ფრონტის ხაზზე უკრაინელმა სამხედროები პრო რუსულ ძალებს თავს დაესხნენ.
„ასეთი აგრესიული ქმედებები, რასაც უკრაინის სამხედრო ძალები მხარს უჭერენ მინსკის შეთანხმებას ძირს უთხრის“,_განაცხადა პესკოვმა.
როგორც ცნობილია, მინსკში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება 2015 წლის თებერვაში შედგა, თუმცა შეთანხმების მიუხედავად ძალადობრივი ქმედებები არ შემწყდარა.
გავრცელებული ცნობით, 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შედეგად 9 700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო სანქციები დაუწესეს, თუმცა რუსეთი ამბოხებულების მხარდაჭერას უარყოფს.
BBC-ის ცნობით, უკრაინაში საომარი ქმედებების განახლება ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შემდგარ პირველ სატელეფონო საუბარს ემთხვევა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კრემლში აცხადებენ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტი პარტნიორულ ურთიერთობაზე შეთანხმდა, მათ შორის უკრაინის საკითხზეც, რამაც კიევის შეშფოთება გამოიწვია.