ბრაზილიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვიქტორია-და-კონკისტაში კვირის დასაწყისში 20 ათას მოსწავლეს სამოსზე სპეციალური მიკროჩიპები მიამაგრეს. ექსპერიმენტის მიზანი ბავშვების გადაადგილების კონტროლია. ამიერიდან მათ მშობლებს ზუსტად ეცოდინებათ, თუ სად და რას აკეთებენ მათი შვილები. სასკოლო ფორმაზე მიკერებული ელექტრონული მოწყობილობა რეცხვისგან არ ზიანდება. ჩიპებს, სურვილისამებრ, სამოსის მაჯასთან ან სასკოლო ემბლემასთან ამაგრებენ.
ბავშვის სკოლაში შესვლისთანავე მოწყობილობაში ჩამონტაჟებული გადამცემები მშობელს SMS-შეტყობინებას უგზავნის. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გაკვეთილზე 20 წუთით დააგვიანებს, მისი ოჯახის რომელიმე წევრი იღებს მესიჯს ტექსტით: ,,თქვენი ბავშვი ჯერ კიდევ არ მისულა სკოლაში".
ადგილობრივი ხელისუფლების ხედვით, მსგავსი ინოვაციური ხერხი მშობლებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობას გააუმჯობესებს. მათ მიკროჩიპიან მაისურს ,,ჭკვიანი სასკოლო ფორმა’’ უწოდეს. BBC-ის ცნობით, მიმდინარე წელს ახალ მაისურს 14 წლამდე ასაკის ყველა ადგილობრივი მოსწავლე ატარებს.
საინტერესოა, რომ ანალოგიური ექსპერიმენტები უკანასკნელ პერიოდში სხვა ქვეყნებშიც ტარდებოდა. ინგლისის დონკასტერში სასკოლო ფორმებს სპეციალური RFID-ჩიპი მიამაგრეს. მოგვიანებით კი, უელსში მოზარდებს მაგნიტით დაფარული პერსონალური ბარათები დაურიგეს, რომლებითაც მათ სასკოლო ავტობუსებში უნდა ისარგებლონ. ტრანსპორტში ბარათის გატარებისთანავე ეს ინფორმაცია ვებ-საიტს გადაეცემა, რომელიც მხოლოდ მშობლებისთვისაა ხელმისაწვდომი.