თქვენ ბრძანდებით ამაყი ევროპის ოჯახის წევრი _ ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს, ევროპარლამენტარმა მიშალ ბონიმ, ბრიუსელში ამ წუთებში მიმდინარე ევროპარლამენტის პლენარული სხდომიდან, სადაც ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციას იხილავენ.
სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაცია ესწრება.
განხილვის დასრულების შემდეგ, თბილისის დროით 14:30 საათისთვის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭს უყრიან.
12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.
2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.