ეკონომიკის სამინისტრო, რომლის თანამშრომლებსაც "პოლიტიკურ საბოტაჟში" ადანაშაულებენ, განცხადებას არ აკეთებს.
საქმე ეხება ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი გასაჯაროვდა.
პროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე, სახელმწიფოს მონაწილეობით, მორიგების აქტი უნდა გაფორმებულიყო, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლების მოქმედებებით, დაიბლოკა, რის გამოც, "ახალგაზრდა ადვოკატები" ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს"პოლიტიკურ საბოტაჟში" ადანაშაულებენ.
"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დღეს ყველა კითხვა მოხსნილია, რომელიც ღიად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მთავრობის განკარგულების პროექტის შეუსრულებლობით სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა შეასრულა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთა, დაიცვა გიორგი პაპუაშვილის ინტერესები, არ შეასრულა პრემიერის მითითებები და არ უზრუნველყო როლანდ ბლადაძის საქმეზე სამართლიანობის აღდგენა.
მისივე თქმით, ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი უფროსი, ოთარ იაშაღაშვილი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირიან გამეზარდაშვილი და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სოფიო ახალაძე-გულორდავა. მათ სატრატეგიას საქმეზე ახმოვანებდა სამინისტროს იურისტი სვიმონ ფირცხალაიშვილი, რომლის ყველა გამოსვლა საერთო სასამართლოებში, სისტემური დანაშაულებების გამართლებას ემსახურება.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, როლანდ ბლადაძის საქმეზე მორიგების პროექტის იმპელემენტაციაზე სდუმს ახალი მინისტრი გიორგი გვახარიაც, რომელიც გამოხმაურების გარეშე ტოვებს მხარის 2016 წლის 12 დეკემბრის მიმართვას და საქმეზე გიორგი პაპუაშვილის ინტერესების დაცვას აგრძელებს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტიც.
"ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, როლანდ ბლადაძის საქმეში საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი 2016 წლის მაისში გაჩნდა. აღნიშნულს წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორმატში, არჩილ კაიკაციშვილის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საკითხის დასმა. პრემიერის დავალებით, არჩილ კაიკაციშვილის შეხვედრა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელმაც ვერ შეძლო ქონებაჩამორთმეულის საქმეზე რეალური გადაწყვეტილებების მიღება.
"წარმოდგნილი პროექტით, სახელმწიფო აღიარებს როლანდ ბლადაძის მიმართ ქონების ჩამორთმევის ფაქტს და იღებს პასუხისმგებლობას, როლანდ ბლადაძეს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუბრუნოს ჩამორთმეული ქონება. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ გიორგი პაპუაშვილს შესთავაზოს ალტერნატიული ფართი, ხოლო როლანდ ბლადაძე უარს ამბობს სახელმწიფოსთან და გიორგი პაპუაშვილთან სამომავლო დავაზე, მათ შორის ევროსასამართლოში", _ აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატები" და დასძენენ, რომ "სამინისტროს პასუხისმგებელმა საჯარო მოხლეებმა შეგნებულად შეაფერხეს მორიგების პროცესი, არ შეასრულეს პრემიერის მითითებები, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ საბოტაჟს".
აღნიშნული განცხადების შემდეგ, 23 იანვარს"გურია ნიუსმა" კითხვებით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:
1. დღეს ორგანიზაცია"ახალგაზრდა ადვოკატებმა" განცხადება გაავრცელეს, რომლითაც სამინისტროს მაღალი საჯარო მოხელეები პოლიტიკურ საბოტაჟში დაადანაშაულეს მთავრობის და პრემიერის დავალებების უგულვებელყოფის გამო. საუბარია მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებაზე მთავრობის განკარგულების პროექტის განუხორციელებლობაზე, რომლის დავის მხარეც გიორგი პაპუაშვილთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროცაა. მომზადდა თუ არა მთავრობის განკარგულების პროექტი ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, როდის მომზადდა და რატომ ვერ მოხერხდა პრემიერის დავალებების შესრულება? დაგვისახელეთ კონკრეტული მიზეზები.
2. ორგანიზაციის მტკიცებით, საქმეზე მორიგების პროექტის არსებობის გამო, სწორედ ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობების საფუძველზე, 2016 წლის ივლისში, არაერთხელ გადაიდო როლანდ ბლადაძის სასამართლო პროცესები. თუკი სახელმწიფომ პოლიტიკური ნება გამოხატა, რომ დაზარალებული მოქალაქის ქონებრივ უფლებებში აღდგენა უნდა მომხდარიყო და აღნიშნულ პროცესზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებოდა ეკონომიკის სამინისტროს, არის თუ არა პროცესის გაჭიანურების მიზეზი პოლიტიკური მოტივი?
3. ადასტურებთ თუ არა იმ ფაქტს, რომ მთავრობის განკარგულების პროექტით როლანდ ბლადაძეს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად უბრუნდებოდა ჩამორთმეული ქონება?
4. თუ ამ პროექტის იმპლემენტაცია ვერ ხორციელდება, რას სთავაზობთ როლანდ ბლადაძეს?
5. "ახალგაზრდა ადვოკატების" განცახდებით (აღნიშნულ განცხადებას ადასტურებს 2017 წლის 13 იანვრის საქმეზე გამართული სასამართლო პროცესიც), ეკონომიკის სამინისტროს და გიორგი პაპუაშვილის პოზიციები, ფაქტობრივად, ერთიდაიგივეა. რამ განაპირობა მსგავსი პოზიციების ჩამოყალიბება თქვენს შორის და გრძნობს თუ არა სამინისტრო საზოგადოების წინაშე ქონებაჩამორთმეულის საქმეზე სამოქალაქო პასუხისმგებლობას?
6. რით ახსნით თქვენი იურისტის, სვიმონ ფირცხალაიშვილის განცხადებებს, რომ გიორგი პაპუაშვილის წარმომადგენლის ყველა შუამდგომლობას ეთანხმებოდეს და რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ როლანდ ბლადაძის სარჩელს სცნობდეთ დაუსაბუთებლად?
7. "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის განცხადებით, 2016 წლის 12 დეკემბერს ახალი მინისტრის მიმართ წარმოდგენილი იქნა ოფიციალური მომართვა როლანდ ბლადაძის საქმეზე რეაგირებისა და შეხვედრის შესახებ. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, არც მინისტრი და არც სამინისტროს იურიდიული სამსახურის ახალი უფროსი საქმეზე გამოხმაურებას არ აკეთებს. რა არის ამის მიზეზი და რატომ არ ხდება ამ საქმეზე მხარესთან სწრაფი კომუნიკაცია?
ცნობისთვის, ეკომომიკის სამინისტრო აქამდე აცხადებდა, რომ მსგავსი პროქეტი საერთოდ არ არსებობს, თუმცა მას შემდეგ, რაც"გურია ნიუსმა" აღნიშნული პროექტი"ახალგაზრდა ადვოკატებისგან" გამოითხოვა და სამინისტროს გაუგზავნა, უწყებაში ყოველი დარეკვის შემდეგ გვთხოვდნენ, რომ პასუხს დავლოდებოდით.
მიუხედავად უწყებასთან არაერთგზის კომუნიკაციისა, დღემდე პასუხი ვერ მივიღეთ. ეკონომიკის სამინისტრო აქამდე აცხადებდა, რომ მსგავსი პროექტი საერთოდ არ არსებობს, თუმცა მას შემდეგ, რაც"გურია ნიუსმა" აღნიშნული პროექტი"ახალგაზრდა ადვოკატებისგან" გამოითხოვა, სამინისტროში მუდმივად დალოდებას გვთხოვდნენ.
ეკომომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა უფროსმა თეა ბოლქვაძემ, 11-დღიანი ლოდინის შემდეგ გვითხრა, რომ"ახალგაზრდა ადვოკატების" საპასუხოდ სამინისტრო კომენტარის გაკეთებას არ გეგმავს.
"დებატებში შესვლა სამინისტროს არ უნდა და წერილს ვერ გამოგიგზავნით. ეს კიდევ გამოიწვევს ზედმეტ რაღაცეებს", _ აღნიშნა ბოლქვაძემ ჩვენთან საუბრისას.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, როლანდ ბლადაძის სარჩელის განხილვა გრძელდება. მომდევნო სხდომა 20 თებერვალს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.
ამავე თემაზე:
სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეს დაურთო _"ახალგაზრდა ადვოკატები"
"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან"
სამ მოსამართლეს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ
რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ
მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს -"ახალგაზრდა ადვოკატები"
გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებაზე სახელმწიფოსთან მორიგება 8 ივლისამდე უნდა შედგეს
რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით
"ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის"
გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! –"ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს
ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე
გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს
პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს
"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"