საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის ედიშერ გოდუაძის კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო პირის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ ფორმატში მუდმივად შენახვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში.
სასამართლოს აზრით, ხსენებული რეგულირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
სასამართლომ განმარტა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციისა და ქმედების სწორი კვალიფიკაციის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა, თუმცა აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის პროპორციულობის პრინციპი.
სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმა ითვალისწინებდა პირის შესახებ ინფორმაციის შენახვას იმ შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის შენახვა არ ემსახურებოდა ადმინისტრაციული სახდელის აღსრულების ან/და ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას მის მიმართ სანქციის სწორად განსაზღვრის მიზნებს, ადგენდა ინფორმაციის უვადოდ და ბლანკეტურად შენახვის ვალდებულებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის შენახვის ბლანკეტურობა და მუდმივობა არ წარმოადგენს მითითებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აუცილებელ და თანაზომიერ საშუალებას, ქმნის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების ან/და სხვა ფორმით ბოროტად გამოყენების საფრთხეს. მითითებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია ნაკლებად მზღუდავი საშუალებითაც.
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესი.
გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.
ედიშერ თოლორაიას ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციოაცია იცავდა.
"საკონსტიტუციო სასამართლომ საიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება, უვადოდ შეინახოს ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ ინფორმაცია ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-16 მუხლს (პიროვნული განვითარების უფლება). სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს უფლებამოსილება არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს (პირადი ცხოვრების უფლება). ნებისმიერ შემთხვევაში შს მინისტრის ბრძანება გაუქმებულია და შსს-ს აღარ აქვს უფლება ელექტრონულად სამუდამოდ შეინახოს ინფორმაცია იმის თაობაზე, 20-30 წლის წინ ადამიანმა იმგზავრა თუ არა ტრანსპორტით უბილეთოდ, მოწია თუ არა მარიხუანა ან ჩაიდინა თუ არა სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა", _ განმარტავს საიას იურისტი გიორგი გოცირიძე.