მოუწესრიგებელი გზის საფარის გამო შექმნილი პრობლემებით შეწუხებული ქალაქ ლანჩხუთის დუმბაძისა და ნათლისმცემლის ქუჩების მოსახლეობას, რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები _ ბესიკ ტაბიძე, რომან ბიწაძე და დარეჯან ბურჭულაძე შეხვდნენ.
"დუმბაძის ქუჩაზე გასულ წელს მოეწყო სანიაღვრე არხი, თუმცა, გზის საფარი ამ დრომდე მოუწესრიგებელია, რაც გადაადგილების სირთულეს ქმნის, განსაკუთრებით კი უამინდობის დროს. აუცილებელია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შავი საფარის დაგება", _ ითხოვდნენ შეხვედრაზე მისული დეპუტატებისგან დუმბაძის ქუჩის მცხოვრებლები.
რაც შეეხება, ნათლისმცემლის ქუჩის მცხოვრებლებს, ისინი უპირველესად სანიაღვრე არხის მოწყობის თხოვნით გამოდიან, რომ ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს მათ ქუჩაზე არსებული პრობლემა.
მოსარჩელეები _ თამარ ნადირიძე და კახა ჩავლეშვილი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, ასევე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს ედავებიან _ მათი მოთხოვნაა, ბათილად იქნეს ცნობილი შემდეგი აქტები:
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მიმართვის თაობაზე; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომის 19.12.2016 წლის გადაწყვეტილება; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.12.2016 წლის განკარგულება #64.
სამივე აქტი შეეხება ქალაქ ოზურგეთში 9 აპრილის პარკის ნაწილის, პირდაპირი განკარგვის წესით (აღნაგობის უფლებით), 45 წლის ვადით გაცემას. მოსარჩელეების განმარტებით, გარდა იმისა, რომ გადაცემული ტერიტორია წარმოადგენს საჯარო სივრცეს, რომლის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქალაქ ოზურგეთისთვის, ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა ასეთი მოქმედებებით შელახა მათი უფლებები _ არ იყვნენ ინფორმირებულები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის შესახებ, არ მიეცათ საშუალება, მიემართათ საკრებულოსთვის საკუთარი მოსაზრებებით და არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ გადაწყვეტილების მიღებაში.
საკრებულოს წევრი თამარ ნადირიძე სარჩელში აღნიშნავს, რომ არ ჰქონდა საშუალება, კანონით დადგენილი წესით მოეხდინა თავისი უფლებამოსილების გახორციელება ან/და მოეხდინა ამომრჩევლის ინფორმირება.
ადვოკატი კახა ჩავლეშვილი "გურია ნიუსთან" თავის მოსაზრებას აფიქსირებს:
_ მიმაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან დარღვეული იქნა მოქმედი კანონმდებლობა უძრავი ქონების განკარგვისას, რაც, ჩემი აზრით, საკმარისზე მეტად მაქვს დასაბუთებული სარჩელში და სახეზე გვაქვს თვითმმართველობის გახორციელების ძირითადი პრინციპების უგულებელყოფა _ კერძოდ, დარღვეულია მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების, კანონიერების და საჯაროობის პრინციპები. ასევე, არ მომხდარა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აზრის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებისას და არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის გახორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის მცდელობაც კი. რაც მთავარია, დარღვეულია თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის ძირითადი პრინციპები.
სარჩელი შეეხება დღევანდელ თვითმმართველობაში არსებულ პრობლემებს, რომელთა მიმართებაში ჩვენ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს განსხვავებული ხედვა გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი უთანხმოების გადაჭრის მიზნით, მივმართეთ სასამართლოს. ვფიქრობ, რომ სარჩელი დასაბუთებულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოებები. ერთია, როცა საზოგადოების ნაწილს გააჩნია პროტესტის გრძნობა მუნიციპალური პარკის ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებით და მეორეა, ეს პროტესტი მიმართული უნდა იქნეს ოზურგეთის მერიის თუ საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ, რომელიც ვერ ახერხებს ნორმალური კანონმდებლობის შემოღებას.
ფაქტია, რომ ოზურგეთში არსებობს საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, რომელთაც მერიისგან განსხვავებული ხედვები გააჩნიათ; მიუხედავად ამისა, არ არსებობს არანაირი კონტაქტი ამ ადამიანებთან გადაწყვეტილებების მიღებამდე, რაც ძალიან ცუდია, რადგანაც თვითმმართველობამ მოქალაქეების ნებისმიერი აქტივობა უნდა წაახალისოს, _ ამბობს ჩავლეშვილი.
გარდა ამ სარჩელისა, სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი იყო შესული _ მოქალაქე ნათია ვაშალომიძე იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილობას ითხოვდა, რომლითაც დასაშვები გახდა, ქალაქ ოზურგეთში, აპოლონ წულაძის ქუჩისა და ჭანტურიას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის გაჭრა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ნათია ვაშალომიძის საჩივარი არ დააკმაყოფილა:
_ მე გამოვითხოვე ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ინფორმაცია და დადასტურდა, რომ აღნიშნული პროექტი წარდგენილი იყო სამინისტროში. ასევე, დადასტურდა საკრებულოზე საკითხის გატანა, რასაც საკრებულოს წევრების უმრავლესობა ადასტურებს.
ასევე, უსაფუძვლოა მოთხოვნა, რომ პროექტის გახორციელებისას, ზიანი მიადგა გარემოს, რადგან მხოლოდ ერთ ძირ მცენარეზეა საუბარი, რომელიც ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაიტანეს.
ასევე, მართალია, პარკს არ აქვს სამართლებრივი სტატუსი, თუმცა, ამით არაფერი შეცვლილა _ მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ, ისარგებლონ არსებული გარემოთი, _ განაცხადა მოსამართლე ბიძინა სტურუამ გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
ვაშალომიძის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციის _ "ინიციატივა საჯარო სივრცისთვის" იურისტი ანანო ცინცაბაძე იცავდა.
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე"გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ოზურგეთის მერია აუცილებლად გააგრძელებს მსგავსი პროექტების გახორციელებას:
_ დღეს სასამართლო პროცესზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ ცხადჰყო და ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ე. წ. 9 აპრილის სკვერის ხარჯზე აპოლონ წულაძის ქუჩის რეაბილიტაციის საკითხი, მსგავსად სხვა საკითხებისა, კანონმდებლობის სრული დაცვით წარმართა. მთელი ეს პროცესი თავიდან ბოლომდე კანონის ჩარჩოებში იყო მოქცეული და პროექტის საბოლოო გახორციელებამდე საკითხმა ყველა საჭირო ინსტანცია გაიარა. მოხარული ვარ, რადგან სკვერის რეაბილიტაციით ჩვენმა თანამოქალაქელეებმა მყისიერად იგრძნეს პროექტის სასარგებლო შედეგი. აპოლონ წულაძის ქუჩაზე გადატვირთული ავტოსატრანსპორტო მოძრაობა უკვე განმუხტულია. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ისეთი პროექტების გახორციელებას, რომელიც, უპირველესად, მიმართული იქნება ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისა და მისი განვითარებისთვის. ამ მთავარი მიზნის გახორციელებაში არანაირი ბარიერი არ შეგვექმნება.