დღეს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიხსნება, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას.
სხდომა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გაიმართება, რომელსაც თანათავმჯდომარეები, თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი უხელმძღვანელებენ.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გამოყენების პერსპექტივები და მისი ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზეგავლენა განიხილება. დეპუტატები, ასევე, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობასა და საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგება სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა მუშაობას ხვალ, 16 თებერვალს დაასრულებს. ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშესაწყობად, სხდომის ფარგლებში, განცხადება და რეკომენდაციები მიიღება.
* * *
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის წევრების და მეორეს მხრივ, ევროპარლამენტის წევრებისაგან შედგება. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად (კარი VIII, თავი I, მუხლი 410), ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას. კომიტეტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის სხდომები იმართება წელიწადში ორჯერ, მონაცვლეობით, თბილისსა და ბრიუსელში.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს და განავითაროს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა, განახორციელოს ზედამხედველობა ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და გამოყენებაზე, განამტკიცოს კავშირი საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის და ამ გზით, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას.
ევროპარლამენტში, დღეს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიხსნება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება.