სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე გერმანიაში ჩასვლის მიზეზად, პატრიარქზე სავარაუდო თავდასხმის მინიმალური შანსის გამორიცხვას ასახელებს.
„თავისთავად ფაქტი, რომ ადამიანი დაკავებული არის არაკანონიერი მომწამვლელი საშუალებით, რომელიც აპირებს გამოემგზავროს გერმანიაში და ჩვენ ვერავითარ რისკს ვერ გავწევდით. ამიტომ, ჩვენ ჩავატარეთ პრევენციული ღონისძიებები. ჩემი სახით, ეს იყო სუფთა პრევენციული ღონისძიება, რომ ჩამოვსულიყავი და მაქსიმალურად უსაფრთხოდ და როგორც გითხარით, მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეიქმნა,“ – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
ანზორ ჩუბინიძე გამოძიებას პროკურატურას მიანდობს, თუმცა განმარტავს, რომ გერმანიაში ჩასვლა აუცილებელი იყო.
ცოტა ხნის წინ პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურას მამა გიორგი მამალაძის დაკავებისას მისთვის ბრალი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის დაგეგმვის გამო არ წაუყენებია. მისი თქმით, პატრიარქის გარემოცვიდან ერთ-ერთი პირის მკვლელობა იგეგმებოდა.