დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული. დაკავებული სასულიერო პირი ჩაფიძის გულის ცენტრში ბადრაგების თანხლებით მიიყვანეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის სახელობის გულის კლინიკაშია გადაყვანილი. აღნიშნულ ინფორმაციას უწყებაში ადასტურებენ, თუმცა, სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.
კლინიკაში დაკავებულის ადვოკატებიც შევიდნენ.
როგორც ცნობილია, სასჯელაღსრულების უწყება აღნიშნულ სამოქალაქო კლინიკასთან თანამშრომლობს და იქ გადაჰყავთ ის პატიმრები, რომლებსაც დამატებითი გამოკვლევები ესაჭიროებათ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"