საუბარში აფთიაქში წამლის საყიდლად მოსული რუსეთიდან ჩამოსული ქართველი ჩაგვერთო და როცა გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი, საქართველოს შესახებ საკუთარი აზრის დაფიქსირება მოისურვა.
საუბარი იმით დაიწყო, რატომ წავიდა საქართველოდან _ ჯერ გვითხრა, რომ ამის მიზეზი საქართველოში არსებული მძიმე ვითარება იყო, შემდეგ, რამდენიმე წუთში, გაიხსნა და გამოგვიტყდა, რომ თურმე სიყვარულის გამო წასულა.
რუსეთში კარგა ხნის წასული და იმ მძიმე წლებს თავსარიდებული ჭითანავა დაპირისპირებებს, სამოქალაქო, აგვისტოს ომს და სხვა პრობლემებგადალახულ ქართველ ხალხზე ამბობს, რომ თურმე, ჩვენ ვერ ვაფასებთ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
“გურია ნიუსი” მცირე შემოკლებით და სტილის დაცვით გთავაზობთ ინტერვიუს რესტორნების ქსელის მეპატრონესთან, რომელიც ჩემი ურეკში ყოფნის დროს, ჯერ აფთიაქში წამლის ყიდვა უნდოდა, თუმცა, ისე დავტოვე ლალი თავართქილაძის “სამეფო”, რომ წამლის ყიდვა არც გახსენებია.
თამაზ ჭითანავა: _ მახსოვს კოპიტნარის აეროპორტი, დაწყებული უშიშროებიდან, დამთავრებული თანამშრომლებით, ყველანი კარაბინებით იყვნენ შეიარაღებულები. მე, სომალელ პირატებთან ცხოვრებას მიჩვეული კაცი არ ვარ. თავისუფლება მიყვარს და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ აქეთ არ დავბრუნდები. გავიდა დრო და ერთმა მეგობარმა, სახელიც შემიძლია გითხრათ (მაგრამ, არ ამბობს. ავტ.), ქართველია, ის ჩვენთან ცხოვრობს, დევნილია აფხაზეთიდან, ამიჩემა, წავიდეთო, სხვა ცხოვრება არისო და ოთხი წელი დავდივართ საქართველოში. ვის რა აზრი აქვს, არ მაინტერესებს, მე ჩემს აზრს ვყვები. ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ცხოვრება შეიცვალა.
_ თქვენ ახსენეთ, რომ ბოლო ოთხი წელია დადიხართ საქართველოში, ისვენებთ ურეკში. მოგწონთ აქაური ინფრასტრუქტურა?
_ ხელის თითებზე შემიძლია ჩამოგითვალოთ, რამდენი ახალი სასტუმრო აშენდა. ახალი შენობა აშენდა.
_ გასაგებია, რომ აშენდა სასტუმროები. ურეკელები ხშირად ამბობენ, რომ არ არის მოწესრიგებული კანალიზაცია, გზა.
_ მე, ურეკელებს მინდა შევეკითხო, რა იყო ათი წლის წინ (აი, გენაცვალე, გენაცვალეეე! _ უხარია აფთიაქის მეპატრონე თავართქილაძეს. ავტ.). წყალი არ იყო, დენი არ არსებობდა, ჭრაქის ლამპაზე ცხოვრება, ეს თუ ახსოვს იმ ხალხს? მე, მგონი ხალხი არ აფასებს თავისუფლებას, გადაადგილებას. მე, ძმაო, გერმანიაში მყოფ კაცს, არ მინახავს ამდენი მერსედესი, როგორც ვხედავ საქართველოში (დიახ, _ კვერს უკრავს ლალი თავართქილაძე. ავტ.). კაცი ამბობს, ვარ უმუშევარი. რათ გინდა ხუთლიტრიანი მერსედესით, რომ დაკატაობ? ჩვენ ვერ მივეჩვიეთ ნორმალურ ცხოვრებას.
_ ბატონო თამაზ, თქვენ გურიაში სოფლებში ხართ ნამყოფი?
_ კი.
_ კონკრეტულად, სად?
_ გვარი და სახელი შემიძლია დაგისახელოთ მეგობრის (ახლაც არ ასახელებს სახელ და გვარს. ავტ.), რომელთანაც სახლში ვარ ნამყოფი, სოფელ ნატანებში, ურეკიდან შორს არ არის. ძალიან შეძლებული მამა ჰყავს ჩემს მეგობარს, ახალგაზრდა ბიჭი, ის ჩემი მეგობარი 40 წლისაა მამამისი კი 70 წელს გადაცილებულია. მშრომელი კაცია, მანდარინი აქვთ, ქათამი, ღვინო, მარილი, თხუთმეტი მეგობარი შევიკრიბეთ. ის შრომობს და ამბობს, რომ მადლობელი ვარ, დენს მაინც არ გამომირთავენო. გასულ წელს მე მოვესწარი _ გზა გაჰყავდათ. რაღაც უნდა დავაფასოთ, ასე არ არის. სოფლის შენებას რა უნდაო, შრომა უნდა და მე ვინც ვნახე, ყველა ლოთობს (_ ვენაცვალე თქვენ გამჩენს! _ ისევ აღფრთოვანებულია ლალი თავართქილაძე, თუმცა, რუსეთში მცხოვრებ კაცს რომ ქართველების “ლოთობა” გააკვირვებს, მეტად საინტერესო და არც თუ ისე აღსაფრთოვანებელი ამბავია! ავტ.).
_ სად ნახეთ?
_ დამისახელეთ ნებისმიერი რესტორანი ან კაფე, მთელი საქართველოს მაშტაბით, სადაც კლიენტები არ ჰყავთ. 10-15 წლის წინ სად იყო ეს, შენ ადამიანი საჭმლის ფულს შოულობ და ყვირიხარ, გლახად ვცხოვრობო, აბა მაგათ რა გონია, ჩვენ პუტინი გვირიგებს ფულებს?
_ თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში ყველა ლოთობს?
_ თუ საქეიფარ ფულს ნახულობს ადამიანი. ზნაჩიტ, იმან ჯერ ოჯახისთვის უნდა ნახოს ფული, პირველად რისთვის ჭირდება და მერე უნდა იფიქროს კუჭზე. ჩვენ თუ კუჭზე ვართ გადაყოლილი და ვტირივართ, გლახა ცხოვრებააო, მაშინ, ძმაო ჩვენი ბრალი ყოფილა. მიშას და ვინმეს ბრალი არ არის. დამისახელონ მაშინ ურეკელებმა ის მეფე, რომელიც მოსწონდათ, მითხრან, შევარდნაძე მომწონდა, მჟავანაძე მომწონდა, პატიაშვილი მომწონდა, ვინ მომწონდა. ჩვენ ერთდროულად გვიყვარს ის ხალხი, ვინც არ არიან დღესდღეობით და გვძულს ის, ვინც არიან. მე არ ვარ მიშისტი, ასე არ ჩამომართვათ, ის ტელევიზორში დამინახავს მხოლოდ, გეუბნებით იმ დიდი რუსეთიდან გადმოსახედიდან, 24 წელი შემისრულდა გასულ სექტემბერს იქ რომ ვცხოვრობ. აქ კარგი ცხოვრება რომ იყო, მაშინ წავედი, გაჭირვებას კი არ გავქცევივარ. პროსტო წავედი, სტუდენტი ვიყავი, მომეწონა ქალი და იქ დავრჩი, დავეფუძნე იმ ადგილას. ახლა გეუბნები, ამ დონეზე განათლებული პიროვნება საქართველოს არ ყოლია, ჩემს მახსოვრობაში. მე 51 წლის კაცი ვარ, ჯერ მე არ მახსოვს, საერთაშორისო დონეზე, რომ არის საქართველო, როდესმე ყოფილიყო. ჩვენ შტატებად ვეგონეთ, ჯორჯია ვეგონეთ, რომ ამბობდნენ საქართველოს. ახლა ყველამ იცის, კავკასიაში სად არის საქართველო, რაღაც დავაფასოთ. მე, ჩამოსვლის შემდეგ, ხალხისგან მაგის გინება მესმის. რა არის, ხალხო, რა ხდება? წავა მიშა და მოვა ბიძინა. ბიძინა გაზპრომში ნაშოვნი ფულს, რა გგონიათ, ქართველებს დაურიგებს? ძაან მაგარ შეცდომაში შევდივართ. ლოთი რუსებით, ბრონიჯილეტებით იქნება ჩვენი ქუჩები გატენილი. ეს თუ გვინდა, პაჟალუსტა.
მეორეს გეტყვით. ოცი წელიწადია რუსეთის ქვეშ არის სამაჩაბლოც და აფხაზეთიც. აბა, მითხარით აფხაზეთში ცხოვრობა სჯობია დღეს თუ საქართველოში? მაშინ აფხაზები რატომ მოდიან აქ სამკურნალოდ, ფქვილის საყიდლად ზუგდიდში? შვიდი ბაზა ერთ ტერიტორიაზე რომ აშენდება და მონობა მეფობს იქ, ალბათ ის უნდათ აქაც, საქართველოში. ბიძინას მოსვლის შემდეგ მოვა პუტინი. არ გაგიკვირდეთ, რომ მოვიდეს და აქ ძმაკაცობა წევიდეს. ის ნასტალგია ნუ გვექნება ჩვენ, რუსები დაბრუნდება და ფული შემოვა. რუსები ახლა დაბრუნდნენ. ეს არის, რომ ბრუნდებიან და მოაქვთ ფული, ეს არის ტურისტი, ყაზბეგიდან ჩამოვედი საქართველოში და იქ ყოველი მესამე მანქანა რუსის ნომრით მოდიოდა.
აბა, გეტყვით _ კაცმა, რომ იშოვა საქართველოს ბიუჯეტზე მეტი ფული, რასი პრეზიდენტობა უნდა, ამიხსენით. პრეზიდენტობისთვის უფრო მეტს იშოვნის, თუ რა უნდა? მილიარდერ კაცს რა გინდა, იცხოვრე, იკაიფე, ისიამოვნე, რა გინდა მთავრობაში, რომ მოდიხარ და რევ ამ დაწყობილ ქვეყანას? ახლა, ვინმე იმაში დამარწმუნებს, მილიარდის მშოვნელი ადამიანი ჩადებს ფულს მანეთს იქ, სადაც არ ელოდება ათ მანეთს? ასეთი არ არსებობს.
_ ბატონო თამაზ, ესე გი, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არევას აპირებს?
_ ეს ჩემი აზრი არის და ამას არავის არ ვახვევ თავზე. ჩემი დაკვირვებით გეუბნებით, 50 წელიწადია ვცხოვრობ, 27 აქედან საქართველოში ვიცხოვრე და მახსოვს რა იყო საქართველო. წყალტუბოში რომ ჩავედი, ვტიროდი და იმიტომ ვთქვი, ლოთობაზე. შევდივარ სანატორიუმებზე, რომელიც ბაბუაჩემა ააშენა, ერთმა ბაბუამ კი ომს თავი შეწირა, მეორე ბაბუა მშენებლობების შენებით მოკვდა. სტალინის დროს აშენებული საუკეთესო შენობები მახსოვს, ჩემი ბავშვობა ამ სანატორიუმებში გავატარე. რას ვხედავ დღეს _ დევნილებით გამოჭედილი, ზიან დევნილები წელამდე ბალახში, ფოთოლში. სიგარეტი ვინმე რომ გადააგდოს, ალბათ ხანძრის ჩაქრობას ვერ მოასწრებენ. ამ დროს თამაშობენ, როგორც მიღებული იყო რუსეთში _ შახმატი, ჭადრაკი, ნარდი, გათავებული არიან ასე (როგორც ჩანს, ბატონ თამაზს ჰგონია, ჭადრაკს და ნარდს მხოლოდ რუსეთში თამაშობენ. ავტ.).
_ თქვენ რამდენად ხშირად ჩამოდიხართ, საქართველოში?
_ წელიწადში ერთხელ, ერთი თვით. მომყავს ცოლ-შვილი და ვაყვარებ საქართველოს.
_ რატომ არ ბრუნდებით საქართველოში, თუ თქვენი აზრით, აქ ყველაფერი სასიკეთოდ არის შეცვლილი და დალაგებულია ქვეყანა?
_ ვბრუნდები. ერთი გოგო თბილისში ცხოვრობს, მეორე _ ზუგდიდში. მესამე სამ წელიწადში ამთავრებს რუსეთში სწავლას, მიიღებს უმაღლეს განათლებას და ჩვენ ვბრუნდებით აქ.
_ საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას რა წყაროებიდან ფლობთ?
_ თანამგზავრიდან, ვუყურებთ ოთხ არხს.
_ რომელი არხებს?
_ პირველი არხია, იმედია, რუსთავი 2 და მზე. ანდა ინტერნეტის საშუალებით.
_ რომელ ვებ-გვერდს ნახულობთ?
_ აბსნი.ჯი-ზე. უფრო მეტად აქ შევდივართ.
_ ქართულ საიტებიდან?
_ ქართულს არ ვკითხულობ.
_ რატომ, რუსეთში ხომ არ არის ქართული ვებ-გვერდები დაბლოკილი?
_ არა, არც ერთი არ არის. არის მაგალითად მაკლერ.ჯი, ავტო.ჯი, მანქანების საიტები და შევდივართ, ქართულად ვკითხულობ.
_ საინფორმაციო სააგენტოებს არ ეცნობით?
_ რუსულენოვანი ოჯახი მყავს და აქედან გამომდინარე, აბსნი.ჯი-ს ვკითხულობთ, რომ საქმის კურსში ვიყოთ და თარგმნა რომ არ მიწევდეს.