ლანჩხუთში ორი კანდიდატი _ მოქმედი დეპუტატი გია გოგუაძე და მოქმედი გამგებელი, ასევე გია გოგუაძე იყვნენ დასახელებულები. როგორც გავიგეთ, კვლევის შედეგებით გამგებელმა გაიმარჯვა და შესაბამისად “ნაციონალების” კანდიდატი ის იქნება. ოზურგეთში მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო დასახელებული _ საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი, კითხვა კი ასე იყო დასმული: “გინდათ თუ არა მამეშვილი დეპუტატად და თუ არა, ვინ გინდათ?” ჩვენი ინფორმაციით, ოზურგეთელებმა მამეშვილზე უკეთესი კანდიდატურა ვერ დაასახელეს.
რაც შეეხება ჩოხატაურს, ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაიმარჯვა პრაიმერში _ ყოფილი დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ თუ საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ჯინჭარაძემ.
ჩვენი წყაროს ცნობით, პრაიმერის შედეგები მიზანმიმართულად არ ხმაურდება, რადგან კანდიდატზე საბოლოოდ ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. ამბობენ, რომ ჩოხატაურელებს ვასილ ჩიგოგიძე სურთ, თუმცა, პრაიმერის შედეგები საწინააღმდეგოს მეტყველებს. როგორც წყარო ამბობს, მანანა ჯინჭარაძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საჭირო ხმები მოეგროვებინა.
ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ სკოლის დირექტორებს ჯინჭარაძემ დავალება მისცა _ ოღონდ ახლა მომიგროვეთ მხარდამჭერები და შემდეგ აღარ დამჭირდება თქვენი დახმარებაო. წყაროს თქმით, ამ თხოვნით ჯინჭარაძე თითქმის ყველა სკოლას ესტუმრა. გვითხრეს ისიც, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო პოლიცია, რადგან მანანა ჯინჭარაძის ძმა, რამაზ ჯინჭარაძე პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია.
ამ ფაქტების გადასამოწმებლად, ჩვენ მანანა ჯინჭარაძეს დავუკავშირდით.
_ ქალბატონო მანანა, პრაიმერის შედეგების შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია _ თქვენ გაიმარჯვეთ თუ ვასილ ჩიგოგიძემ?
_ ჯერჯერობით, არაფერი ვიცი.
_ როგორც გვითხრეს, თქვენ სკოლის დირექტორებს, პრაიმერში გამარჯვებისთვის მხარდამჭერების მოგროვება სთხოვეთ…
_ სკოლის დირექტორებს რატომ ვთხოვდი?
_ იმიტომ, რომ მიგეღოთ ხმების უმრავლესობა და კანდიდატად დაესახელებინეთ…
_ არა, არც მიფიქრია ასეთი რაღაცა. NDI ხომ მოუსყიდველი ორგანიზაციაა?!
_ ამბობენ იმასაც, რომ ხმების მოგროვებაში პოლიციელებიც დაგეხმარნენ…
_ არა. არ მგონია ასე ღიად ხდებოდეს ვინმეს მხარდაჭერა.
_ NDI-ს კვლევები რამდენად სანდოა? საზოგადოების დიდ ნაწილს მისი არ სჯერა…
_ NDI-ს არ ვიცნობ კვლევების კუთხით. არ მიმუშავია მაგ ორგანიზაციასთან და ვერ გეტყვით ვერაფერს.
_ როგორ ფიქრობთ, ვასილ ჩიგოგიძეს უნდა აჯობოთ?
_ პრინციპში, არ ვიცი. ვასიკოს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩოხატაურისთვის. ძალიან ბევრი.
_ თქვენ?
_ მეც, მაგრამ, მე ვიწრო კუთხით, ვასიკოს _ უფრო ფართო მასშტაბით.
_ გულწრფელად გვიპასუხეთ, როგორც რიგითმა ჩოხატაურელმა _ ვასილ ჩიგოგიძე უკეთესი დეპუტატი იქნება თუ თქვენ?
_ მე ჩემი პლუსები მაქვს, ვასიკოს _ მისი. მე ჩემი მინუსები მაქვს, ვასიკოს _ მისი.
_ პლუსი მეტია თუ მინუსი? ორივეს ვგულისხმობ…
_ ალბათ, პლუსები, ოღონდ გააჩნია, ამას ვინ როგორ გაიგებს. შეუძლიათ _ დაინახონ, შეუძლიათ _ არ დაინახონ. კერძო და ტენდენციურ ადამიანს, რომელსაც უფრო სუბიექტური აზრი აწუხებს, შეუძლია არ დაინახოს არც ჩემი პლუსი და არც ვასიკოსი.
_ იქნებით, კარგი დეპუტატი ჩოხატაურისთვის? თქვენ ხართ დაბის დეპუტატი და ამდენი ხნის მანძილზე რაღაც შედეგები ხომ უნდა იყოს?
_ მე ვარ მებრძოლი ადამიანი საერთოდ. თუკი იმას ჩავთვლით, რომ უნდა მოვიპოვო ინფორმაცია, მივიღო, გადავამუშავო და ხალხთან მივიტანო, ამ მხრივ ვიქნები კარგი. თუკი იმას ვთვლით, რომ მე ფულიანი ვიყო და ვიღაცას გავეჯიბრო, ამ მხრივ, ალბათ, ვერ ვიქნები.
_ რა გაქვთ გაკეთებული დაბის დეპუტატის პერიოდში, რითაც შეგიძლიათ ამომრჩეველთან ამაყად მიხვიდეთ?
_ რაც ერთად გაგვიკეთებია, პარტიასთან ერთად, ჩავთვალოთ, რომ ყველაფერ ჩემი არის. შეიძლება ბევრი ისეთი რაღაცაც, რომელიც კადრს მიღმა რჩება და სალაპარაკოც არ არის. ზოგიერთი ამას მუშაობად თვლის, ზოგი _ ვალდებულებად. რომ დავფიქრდე, დიდი ჩამონათვალი შემიძლია გავაკეთო.
ვერ გეტყვით, რა ჩამონათვალი შეუძლია გააკეთოს მანანა ჯინჭარაძემ, მაგრამ ის ყველამ კარგად იცის, რომ მისი დეპუტატობის პერიოდში დაბის ცენტრალური გზა ავარიული იყო და ახლახან, არჩევნების წინ დაიგო; იციან ისიც, რომ დაბის ქუჩებში გავლა შეუძლებელია, განსაკუთრებით წვიმიან დარში; ისიც ფაქტია, რომ ქუჩაში წყლის ელემენტარული ონკანიც კი არ არის, დასიცხულმა ადამიანმა რომ წყურვილი მოიკლას…
აღარაფერს ვამბობთ ასობით დაუსაქმებელ ადამიანზე, სოციალურ დახმარების მოლოდინში მყოფ პირებზე, უხელფასო მედპერსონალზე და სხვა მსგავს პრობლემებზე, რომელთა ჩამოთვლას გაზეთის ბევრი გვერდი დასჭირდება და მსგავსი საკითხების საკრებულოზე ჯინჭარაძის მიერ დაყენება და განხილვა არ გვახსოვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ NDIი-ის ოფისში კატეგორიულად უარყოფენ გურიაში რაიმე სახის კვლევის ჩატარებას.