2011 წელს, საქართველოს მთავრობამ სასკოლო დაფინანსების ახალი ფორმა შემოიღო. “გურია ნიუსი” აღნიშნულ თემაზე ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ლელა იმედაშვილს ესაუბრა.
_ ქალბატონო ლელა, რა დაფინანსებას მიიღებს მცირეკონტიგენტიანი სკოლა, რამდენი ვაუჩერი იქნება ერთ მოსწავლეზე და როგორ გამოითვლება ეს ფორმულა?
_ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად, განისაზღვრა ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი და შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობა. სკოლა, სადაც მოსწავლეთა ოდენობა 160-ს ქვევითაა, დაფინანსებას მიიღებს სპეციალური ფორმულის მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. ამ ტიპის სკოლებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ აქამდე არსებული დაფინანსება.
_ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ ახალი კანონში მითითებულია ვაუჩერის კოეფიციენტის განსაზღვრა პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით და მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით. როგორ გამოითვლება კონკრეტულად დაფინანსება და ერთ დიდ სკოლაში თუ მოქმედებს ორივე პრინციპი?
_ დაფინანსების გამოთვლის წესი თავად დადგენილებაშია განმარტებული _ მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობა, რომლის მიხედვითაც მოცემულ ქვეპუნქტებში სკოლა იპოვის თავისი მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამის მუხლს და შემდეგ ციფრს გაამრავლებს მოსწავლეთა რაოდენობაზე 1-8 კლასებში და ცალკე 9-12 კლასებში.
_ საბაზო საფეხურის სკოლებში დაფინანსების ფორმულის რაიმე სხვა ფორმა ხომ არ არის?
_ საბაზო სკოლებისთვის სხვა ტიპის ფორმულა არ მოქმედებს. აქაც ვაუჩერის დათვლა ხდება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.
_ ეს კანონი 2011 წლის იანვრიდანვე შედის თუ არა ძალაში და ამავე თვიდან მიიღებენ თუ არა მასწავლებლები ახალი ფორმულით გამოთვლილ ხელფასს?
_ ახალი ფორმულის მიხედვით დაფინანსება ეცვლებათ სკოლებს და არა მასწავლებლებს. მასწავლებელთა ხელფასის გამოთვლის წესი იგივეა და ის დამოკიდებულია საათების ოდენობაზე, სამუშაო სტაჟზე და ა.შ. სკოლების დაფინანსების ახალი წესი ძალაში მიღებისთანავე შევიდა.
_ სკოლები, რომლებიც თვის ბოლოს ნაწილ-ნაწილ იღებდნენ ხელფასს, ამჯერად როგორ მიიღებენ?
_ სკოლების უმეტესობა ხელფასს მართლაც ნაწილ-ნაწილ იღებდა. სწორედ ამ უხერხულობების თავიდან ასაცილებლად შეიცვალა დაფინანსების წესი. იანვრიდან სკოლები დაფინანსებას მიიღებენ ერთად. იანვარში ეს მოხდება თვის ბოლოს.
_ პარალელური კლასების შემცირების ხარჯზე, მასწავლებელთა შემცირებაც არ მოხდება სკოლებში?
_ სკოლის საფინანსო პროცესს არეგულირებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმა, სადაც მითითებულია პარალელურ კლასებად და საგნობრივ ჯგუფებად გაყოფის წესი. სკოლები, რომლებსაც აქამდე ჰქონდათ ფინანსური შესაძლებლობები, კლასებს ჯგუფებად ყოფდნენ მასწავლებელთა ინტერესების გათვალისწინებით. ამ შესაძლებლობას მთლიანად მოკლებული იყვნენ მცირეკონტინგენტიანი სკოლები. ამჟამად ფინანსური ნორმატივები ზუსტ შესაბამისობაში მოვიდა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, თუმცა მასწავლებელთა შემცირება სკოლებში არ მოხდება.
_ იგეგმება თუ არა საშუალო კონტიგენტიან სკოლებში იმ კლასების შეერთება, სადაც მოსწავლეთა რიცხვი მცირეა?
_Yყველა სკოლაში პარალელური კლასების გახსნისა და შეერთების საკითხს გადაწყვეტს სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმისა და საკუთარი ბიუჯეტის შესაბამისად.
_ რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ კლას-კომპლექტის სისტემა?
_ რიგ სკოლებში გვაქვს კლას-კომპლექტები. ეს გამოწვეულია კლასებში მოსწავლეთა სიმცირით. ბუნებრივია, უმჯობესია მოსწავლეები ცალ-ცალკე კლასებად ისხდნენ. ამ საკითხს სკოლა სასწავლო გეგმისა და არსებული დაფინანსების მიხედვით გადაწყვეტს.
_ გამოცდაგავლილ, ბარიერგადალახულ პედაგოგებს უკვე მიეცათ სახელფასო დანამატი?
_ დიახ.
_ დირექტორები რა პრინციპით დაინიშნებიან იქ, სადაც მოვალეობის შემსრულებლად ითვლებიან?
_ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თებერვალში დაიწყებს საჯარო სკოლის დირექტორთა სერთიფიცირებას და შესაბამისი დებულების გამოქვეყნებამდე ძნელია დეტალებზე საუბარი.