მთავრობასთან დაახლოებული ექსპერტები ცდილობენ საკუთარი ინტერპრეტაციები შეაპარონ საზოგადოებას, რომელთა მიხედვით პოლიციელის ასეთ საქმიანობაში უკანონო არაფერია, რომ საქმე ეხება მოსყიდვებისა და უკანონო ფულადი მიმოქცევების პრევენციას და ა.შ.
ამ თემაზე საზოგადოებაში დიდი ხანია არსებობს მითქმა-მოთქმა. ახლა კი დასტურდება, რომ მოარული ხმები პოლიციის დამატებითი საქმიანობის შესახებ, სულაც არ ყოფილა ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი.
სისტემასთან დაახლოებული პირი, რომელმაც კარგად იცის, რა ტექნოლოგიებს იყენებს ძალოვანი სტრუქტურა მსგავს შემთხვევაში, “გურია ნიუსთან” სხვადასხვა ნიუანსებზე საუბრობს:
“ტელევიზიებში ხშირად ისმის საქმეში ჩაუხედავი პირების კითხვები _ რაში სჭირდებოდა პოლიციელს ეს ჩიპი? მე შემიძლია იმის ახსნა, რისთვის არის ჩიპი საჭირო _ პოლიციაში ტარდება თათბირები, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში იზრდება მათი რიცხვი. თათბირზე პოლიციელებს პირად დავალებებს აძლევენ _ შეისწავლონ უბანი, რომელზეც მიმაგრებულნი არიან. პირველ რიგში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს აღწერენ, აფიქსირებენ, ვის რა პრობლემა აქვს. მაგ: ზოგი ავადაა და მკურნალობა და წამლები სჭირდება, ზოგს სახლი აქვს ავარიული და საშენი მასალა ესაჭიროება. მათთან მიდის ინსპექტორი და პირად საუბარში უმჟღავნებს, მოგიტან მასალას ან წამალს, დაგეხმარები, მაგრამ, სამაგიეროდ, შენც უნდა დამეხმარო და არჩევნებში მმართველ პარტიას უნდა მისცე ხმა.
აღწერენ სოფელში ან უბანში არსებულ მანქანებს. თუ ოპოზიციურადაა განწყობილი მანქანის მფლობელი, აფრთხილებენ, თავი შეიკავოს აქციებში მონაწილეობისგან.
პოლიციელს აქვს დავალება _ ვითომ აღწერას აკეთებს, სინამდვილეში ეს აღწერა ემსახურება იმას, რომ დადგინდეს, ვინ არის ხელისუფლების მომხრე და ვინ ოპოზიციურად განწყობილი.
შმაგი ურატაძე აცანის ზონაზე იყო მიმაგრებული ძებნის სამსახურთან ერთად, რადგან თვითონ აცანელია. ყველას იცნობს სოფელში, ბევრი ენდობა და მისთვის ძნელი არაა პერსონალური ინფორმაციის მოპოვება. მაგალითად, ტელეფონის ან პირადი ნომრების და ა.შ”.
_ ურატაძეს ამხელა ავტორიტეტი აქვს აცანაში, რომ მოსახლეობა უპრობლემოდ უმჟღავნებს პირად ინფორმაციას?
_ ასეთ შემთხვევაში პირდაპირ არ უნდა უთხრა ეს ადამიანს. ჯერ სწავლობ მის განწყობას, ნელა აპარებ და ბოლოს ის თვითონაც გიხსნის გულს. მეც მქონია ასეთი დავალებები და კარგად ვერკვევი, რა როგორ ხდება.
ბოლო დროს იმდენჯერ მოხდა მოსახლეობის აღწერა, ბევრს ეჭვი შეეპარა პოლიციის ქმედებებში, თქვენ არჩევნებთან დაკავშირებით დადიხართო. როცა ზრდილობიანად ეუბნები ადამიანს, რისთვის გჭირდება მისი პირადობის მოწმობა, მას ეჭვი და აგრესია არ უჩნდება, ისე გაძლევს მონაცემებს. ეს მთელი ლანჩხუთის მასშტაბით ხდება ყველა უბანზე, ყველა სოფელში. ძირითადად ამას უბნის ინსპექტორებს ავალებენ, მაგრამ თუ უბნის ინსპექტორი ვერ ასწრებს მასალის მარტო მოძიებას, მას მეორე პოლიციელსაც ახმარენ. მონაცემები _ რამდენია გაჭირვებული, ვის რა ესაჭიროება, რამდენია მანქანის მფლობელი, ვის აქვს საკუთარი ბიზნესი, ვინ სად მუშაობს, ყველაფერი იკრიბება პოლიციის სამმართველოს უფროსთან. შემდეგ გამგეობებთან და გუბერნატორის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ვინ როგორ გადაიბირონ. ხშირ შემთხვევაში, ხელზეც აძლევენ ამა თუ იმ პირს ფულს. პოლიცია ერთგულებს საწვავის ტალონებსაც ურიგებს.
ყველა ავტომანქანა პოლიციის მიერაა აღრიცხული. თუ რომელიმეს მძღოლმა გაბედა ოპოზიციურ ან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება, ემუქრებიან ან შვილზე ან ოჯახის სხვა წევრებზე. 100 მძღოლიდან 85 ვერ ბედავს წინააღმდეგობის გაწევას. გორის აქციაზე წასასვლელად გამზადებულმა ერთ-ერთმა მძღოლმა უარი განაცხადა წასვლაზე _ გამგებელმა დამირეკა და დამემუქრა, წასვლა არ გაბედოო.
ცალკე ხდება ნასამართლევი პირების აღრიცხვა. მაგალითად, პირმა მოიხადა სასჯელი. იბარებენ და ეუბნებიან, რომ მთავრობის სასარგებლოდ იმუშაოს. ბოლო პერიოდში ნასამართლობის, პირობითი სასჯელის გაუქმებასაც პირდებიან, სანაცვლოდ კი ხმების მოპოვებას თხოვენ “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ.
_ ადრე თუ ჰქონდა მსგავს ფაქტებს ადგილი ან თუ ყოფილა შემთხვევა, გაწეული მუშაობის სანაცვლოდ ვინმეს სასჯელი გააუქმეს?
_ იშვიათად ხდებოდა ასეთი რამ. იყო შემთხვევა 3 ან 6 თვე ჰქონდა მსჯავდებულს დარჩენილი და გამოუშვეს, მაგრამ აუცილებლად მსუბუქი დანაშაულისთვის უნდა ყოფილიყო დაპატიმრებული. მაგრამ პირობითი სასჯელი მოეხსნათ ან მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირი გამოეშვათ, არ მახსოვს. ეს ძირითადად პარტიმრის ოჯახების გადმოსაბირებლად კეთდება. იციან, რომ ოჯახი არაფერზე დაიხევს უკან თავისი პატიმრის გასათავისუფლებლად. იყენებენ ამ ოჯახებს და არჩევნების შემდეგ ყველაფერს ივიწყებენ. თუ ოჯახმა რამე პრეტენზია გამოთქვა შეუსრულებელი დაპირების გამო, იქით ემუქრება პოლიცია (მსგავსი შემთხვევა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა ლანჩხუთში _ ერთ-ერთი პატიმრის ძმა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობისთვის” მუშაობდა და გარკვეული ხმების მობილიზებაც შეძლო პარტიის სასარგებლოდ, არჩევნებიდან რამოდენიმე თვეში დაიჭირეს _ პოლიციას ბრალდების შექმნა არ გასჭირვებია. ავტ.)
თანდათან გამწვავდება ყველაფერი. ჯერ მონაცემთა ბაზას ამუშავებენ, იმ ხალხზე მუშაობენ, ვისი გადმობირებაც შეიძლება. მაგალითად, თვითონ ნესტორ მგელაძეს ვერაფერს უზამენ, მაგრამ შეისწავლიან მის გარემოცვას, დაემუქრებიან, რომ რაღაც დათმობაზე წამოიყვანონ. მოახერხებენ რამე ხელჩასაჭიდის გამოძებნას (ნესტორ მგელაძე ურატაძის სიაში აცანაში ანტენების შემომტან ლიდერად იყო დაფიქსირებული. იგი “ქართული ოცნების” ლანჩხუთის შტაბის წევრია. ავტ.).
ეს ყველაფერი ერთი მიზეზის გამო ხდება _ ყველას ეშინია თანამდებობების დაკარგვა. პოლიციელები რომ სახელმწიფოებრივად ფიქრობდნენ, ამას ვერ გააკეთებინებენ. მაგრამ საქმე არ ეხება პოლიციელის პიროვნულ თვისებებს. საქმე ეხება სისტემას, რომელიც ამას მოითხოვს პოლიციელისგან.