გიზო იმნაძე”სოკარის” ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს და სავარაუდოდ, ნავთობი ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიიდან მოხვდა იმნაძეების ჭაში.
ოჯახის წევრმა ქრისტინე იმნაძემ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ “სოკარის” ადმინისტრაცია ამ ფაქტის აღმოჩენის დღიდანვე წამოვიდა ოჯახთან თანამშრომლობაზე და მათ პრობლემის აღმოფხვრას დაპირდა.
“სოკარის” ბენზინგასამართი სადგური რამდენიმე თვის წინ გაიხსნა ლანჩხუთში და კარგად გამართული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. კომპანიის მმართველობამ სადგურის მახლობლად მდებარე სკვერის აღდგენაც ითავა, მოაწესრიგეს მიმდებარე გარემო და სადგურთან მისასვლელი მოედანი.
“სოკარის” აზერბაიჯანელი მენეჯერი თავიდან უარზე იყო”გურია ნიუსთან” კომენტარი გაეკეთებინა, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა კომპანიის პრესტიჟი არ დაეყენებინა საფრთხის წინაშე და განმარტა, რომ ნავთობის გაჟონვა იმნაძეების ჭაში სოკარის ბრალი არ არის.
მან არც თუ ისე გამართული ქართულით აგვიხსნა, რომ “სადგურის მახლობლად მდებარე სანიაღვრე არხი დიდი ხნის გაუწმენდავია და წყალს არ ატარებს. ნავთობის რეზერვუარებს დაცლის შემდეგ რეცხავენ და ნავთშერეული ნარეცხი წყალი არხში ჩაედინება. სწორედ არხის გაუმართაობის გამო აღმოჩნდა ნავთობი სასმელ წყალში”, _ მიიჩნევს”სოკარის” მენეჯერი.
პრობლემის გადაჭრას”სოკარი” ახალი დიდი კოლექტორის აშენებით გეგმავს, სადაც ნარეცხი და კანალიზაციის წყალი დაგროვდება და მას სპეციალური მანქანების საშუალებით გაწმენდენ.”სოკარის” მენეჯერმა ისიც აღნიშნა, რომ გიზო იმნაძის ეზოში კომპანია ახალ ჭას გააკეთებს საკუთარი ხარჯებით, რადგან ძველის გაწმენდა და სასმელად გამოყენება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.