საარჩევნო უბან „შუკვანსა“ და „ასეულის ბაზაზე” არჩევნები დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე ჩატარდება, ცესკო ამას ბუნებრივი პირობებით და ქვეყნის საომარი მდგომარეობით ხსნის. დალუქული ყუთები საქართველოში ჩამოვა და 1 ოქტომბრს არჩევნების დამთავრების შემდეგ, ცენტრალური საარჩვენო კომისია შედეგებს საზღვარგარეთის უბნებიდან მიღებულ ხმებთან ერთად დაითვლის. ამ დროისათვის, ავღანეთში 900-მდე ქართველი ჯარისკაცი მსახურობს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცალსახად კრძალავს სამხედრო ბაზებზე წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას, შესაბამისად, „გურია ნიუსმა“ კითხვით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, როგორ მოხდება ავღანეთში მყოფი სამხედო მოსამსახურეების ინფორმირება საარჩევნო სუბიექტების შესახებ.
ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი გვეთანხმება, რომ ჩვენს მიერ წამოჭრილი საკითხი შესწავლას საჭიროებს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ცესკო ჯერჯერობით მსჯელობის რეჟიმშია.
„იცით რა არის, ცენტრალური საარჩევნო კომისია მაგ თემაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება და ამიტომ ვერ გავაკეთებ ვერანაირ კომენტარს. გეთანხმებით, რომ სამხედრო ნაწილებში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია, აქ მხოლოდ ის შემიძლია გითხართ,რომ პატიმრებისგან განსხვავებით, რომლებსაც ექნებათ საშუალება გაეცნონ პოლიტიკურ პარტიებს, მათ საარჩევნო პროგრამებს და მაჟორიტარებს, სამხედრო მოსამსახურეებს ამას კანონი უკრძალავს. სამაგიეროდ ჯარისკაცებს პატიმრებისაგან განსხვავებით, ინტერნეტისა და სხვა საშუალებების წვდომა აქვთ და შეუძლიათ ინფორმაცია ამ წყაროებიდან მიიღონ. საკითხი, რომელიც თქვენ დასვით, მართლაც დგას დღის წესრიგში, ცესკო ამაზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს,”-აცხადებს ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბარში.
ავღანეთში, პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნების უზრუნველყოფისთვის, ცესკო საუბნო საარჩვენო კომისიის 6 წევრზე ვაკანსიას აცხადებს.საბუთების მიღება დღეს დაიწო და 9 აგვისტომდე გასტანს. აღნიშნული ვაკანსიის დასაკავებლად საჭიროა კანდიდატის თანხმობა, 2 ფოტო და პირადობის მოწმობის ქსეროასლი.