„საქართველოს კონსტიტუციაში ყოველგვარი საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად განხორციელებული ცვლილებებით, რომლითაც საქართველოს პარლამენტი ქვეყნის დედაქალაქიდან გადააქვთ, თბილისში მცხოვრები 1 172.7 ათასი ადამიანი დგება კიდევ ერთი რეალობის წინაშე, როდესაც ისინი მათთვის საჭირო საკითხებთან დაკავშირებით, უშუალოდ ვეღარ მიმართავენ პარლამენტს, პარლამენტის კომიტეტებს, ცალკეულ დეპუტატებს.
თბილისს წარმომადგენლობით ორგანოსთან კომუნიკაცია მოუწევს მხოლოდ საფოსტო გზავნილის მეშვეობით, რაც გამოიწვევს ფინანსურად მძიმე ტვირთს დროსა და სივრცეში, საჯარო ინფორმაციის მიღებაზე ხელოვნურ ბარიერებს, პარლამენტსა და მოქალაქეს შორის გართულებულ ურთიერთობას,“-აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“
ორგანიზაციამ უკვე მიმართა პარლამენტს დეპარტამენტის თბილისში დატოვების მოთხოვნით, მაგრამ უარი მიიღო. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ პარლამენტის უარი, ერთის მხრივ, არღვევს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებას, მეორეს მხრივ კი აძლიერებს „საქართველოს ფოსტის“ ბიზნეს საქმიანობას
„პარლამენტი უარს ამბობს ქვეყნის მილიონიანი დედაქალაქის მცხოვრებთა კონსტიტუციური უფლების მთავარი პრინციპის განხორციელებაზე – „ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“, (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 5) მეორე მხრივ კი აძლიერებს სახელმწიფოს საკუთრებაში მოქმედი ბიზნესის საქმიანობას.
კერძოდ, საუბარია შპს „საქართველოს ფოსტის“ ბაზარზე ოპერირების კიდევ უფრო გაძლიერებაზე. დღესდღეობით, სწორედ აღნიშნული კომპანიის ტარიფები წარმოადგენს შედარებით ხელმისაწვდომ საშუალებას მოსახლეობისთვის და უნდა ვიგულისხმოთ, რომ თუკი პარლამენტი უარს იტყვის საქმისწამოების დეპარტამენტის თბილისში შენარჩუნებაზე, გააძლიერებს ბაზრის მონოპოლისტს და ეს გადაწყვეტილება ბეგარად დააწვევა დედაქალაქის მოსახლეობას, ნებისმიერი საქმიანი სფეროს წარმომადგენელს, არასამთავრობო სექტორსა და რიგით მოქალაქეებს,“ _ ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.