გუშინ, თბილისში, თანატოლმა მოკლა 16 წლის მოსწავლე იმ სკოლიდან სადაც: ა) საქართველოს საჯარო სკოლებს შორის ყველაზე ადრე ჰქონდათ მეთვალყურეობის სისტემა (კამერები); ბ) ბევრი წესრიგის დამცველი მუშაობს (მანდატურები+დაცვის თანამშრომლები); გ) საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსწავლეების ჯგუფი სწავლობს (2500 მოსწავლე).
სკოლის მოსწავლეებს შორის ძალადობას არ განაპირობებს მხოლოდ სკოლის გარეთ არსებული წყაროები, კულტურა, სოციალური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები, კრიმინალის გავრცელება, კანონმდებლობა. ძალადობის მიზეზი არც მხოლოდ პიროვნულია. ძალადობას განათლების სტრუქტურების არასწორ მოწყობასთანაც აქვს კავშირი.
არასწორია სისტემა, სადაც კონტროლია წარმართველი და არა ღირებულებების და ურთიერთობების განვითარება. არასწორი პოლიტიკის ნიმუშია, რომ მაგალითად, მანდატურების სისტემაზე, ბოლო 6 წლის განმავლობაში, 60 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბავშვებში ღირებულებების დამკვიდრებაზე, კონფლიქტების მართვის სწავლებაზე, ჩაგვრის საწინააღმდეგო კამპანიებზე კი სრულიად უმნიშვნელო ძალისხმევაა გაწეული.
არასწორია სისტემა, რომელიც არა მხოლოდ დასაშვებად თვლის, რომ სკოლაში 7-8 პარალელური კლასი იყოს, არამედ ახალისებს კიდეც ამას. არ არსებობს შეზღუდვა, რამდენ მოსწავლეს მიიღებს სკოლა. რაც უფრო მეტი ეყოლება, მით უფრო გაიზრდება მისი შემოსავლები. პოპულარობა და შემოსავლები კი სკოლების წარმატების საზომი გახდა განათლების სისტემაში მომუშავეების და პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოდგენებში.
რამდენიმე წლის წინ 51-ე სკოლაში ვიყავი. ამ სკოლაში სწავლობდა გუშინ მოკლული მოზარდი. სკოლის კორიდორის ნაწილი, დარბაზის შესასვლელი, ფართო ფოიე, რკინის გისოსებით იყო გადაკეტილი. რომ ვიკითხე, რატომ არ უშვებთ ბავშვებს ამ სივრცეში, ამ ისედაც გადატენილ სკოლაში, მიპასუხეს, მანდ შესვენებებზე იკრიბებიან და ვერ ვაკონტროლებთო.
ხელოვნურად შექმნილ ჯგუფის შიგნით, საკლასო ოთახში, ბავშვებისთვის ღირსეულად ცხოვრების სწავლება რთულია. ბავშვები რაც შეიძლება ხშირად უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა ისწავლონ, რომ ერთმანეთს საერთო საზოგადოების წევრებად განიხილავდნენ და არა როგორც მე-11-ე დ-კლასის მოსწავლედ. სკოლაში, სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, სადაც ერთმანეთს არ უფრთხილდებიან, ებუტებიან და რიგდებიან, ერთმანეთს არ ეხმარებიან, სადაც ერთად არ ერთობიან, ერთად არ ისვენებენ უფრო მაღალია კონფლიქტების ალბათობა.

სიმონ ჯანაშია
www.ganatlebisreforma.com