დღეს, ბახმაროში, პრეზიდენტის ვიზიტის გასაშუქებლად ჟურნალისტებს არ უშვებდნენ. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ბანძელაძემ გვითხრა, ბახმაროში ჟურნალისტების მისვლა იქ, სადაც პრეზიდენტმა ობიექტები უნდა გახსნას, აკრედიტაციის გარეშე არ შეიძლება(?!).
ბანძელაძეს არ აუხსნია, თუ რატომ არ არის ბახმაროში მოწყობილი პრესზონა, რომლის ყველგან, სადაც პრეზიდენტი ჩავა, მოწყობის პირობა უწყებათაშორისი კომისიისა და ჟურნალიტების შეხვედრის დროს დადო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
ბანძელაძეს არც ის აწუხებს, რაც გუშინ მოხდა ლანჩხუთში, როცა პრეზიდენტის დაცვამ “გურია ნიუსის” ოპერატორს ფოტო და ვიდეო კამერებიდან მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი ინფორმაცია წაუშალა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კორძაიას თქმით:
_ სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები მეორდება და დღეში რამდენიმე ფაქტი გვაქვს, როცა ჟურნალისტებს ხელს უშლიან თავიანთი საქმიანობაში, ხდება გადაღებული მასალების წაშლა დაუდგენელი პირების, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანების მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება ვალდებულია, რომ თითოეული შემთხვევა გამოიძიოს და კონკრეტული პირები მისცეს პასუხისგებაში იმიტომ, რომ სრულიად დაუსჯელობის სინდრომი მეფობს, რადგან ეს პროცესი გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში. დაახლოებით ნახევარი წელია, რაც მწვავედ დადგა ეს საკითხი. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებმა ეს საკითხი დასვეს აქტიურად უწყებათშორისი კომისიის წინაშე.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტების დროს ხდება მსგავსი ქმედებები და მაშინ აქტიურდებიან ეს სამოქალაქო პირები თუ საჯარო მოხელეები.
სამწუხაროდ, სრულიად არ რეაგირებს ამაზე ხელისუფლება, რაც საბოლოოდ, ძალიან ცუდ შედეგს მოგცემს, ალბათ, გამოიწვევს ჟურნალისტებისგან მხრიდან დიდ პროტესტს. ყველა ჟურნალისტი, რომელსაც განცხადება შეაქვს პროკურატურაში თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მზად არის ითანამშრომლოს საგამომძიებლო ორგანოებთან, მიაწოდონ ინფორმაცია შესაძლო დამნაშავის შესახებ, რათა გამოძიება დროზე დაიწყოს და დროზე დასრულდეს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამაზე ხელისუფლება არ რეაგირებს. დამნაშავე აქ მარტო ის კი არ არის, ვინც წაუშალა მასალა ჟურნალიტს, არამედ უფრო მეტად დამნაშავეა ის, ვინც არ იძიებს ამას და ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ხნით დებს თითოეულ საქმეს თაროზე გამოუძიებლად, _ განაცხადა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას თამარ კორძაიამ.