გუთურელები რამდენიმე წელია, ხელისუფლებისგან გზის შეკეთებას ითხოვენ, თუმცა, უშედეგოდ. ამ სოფელში პრობლემაა მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხებიც, რომელთა გაკეთებას, გუთურელები სოფლის პროგრამის ფარგლებში დიდი ხანია ითხოვენ.
საერთო კრების უნომრო ოქმში, რომელსაც მხოლოდ რიცხვი აწერია (15 მარტი) და სავარაუდოდ 2011 წლის უნდა იყოს შედგენილი, ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სწორედ სანიაღვრე არხების მოწყობაა დაფიქსირებული.
გუთურში, ოფიციალურად 975 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გამგეობიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტით კი ირკვევა, სოფლის კრებაზე, სადაც პრიორიტეტები უნდა გამოკვეთილიყო, ამ ხალხმრავალი სოფლის, მხოლოდ 14 მცხოვრები იმყოფებოდა.
ამავე ოქმიდან ირკვევა, რომ სანიაღვრე არხების მოწყობის საკითხი გადაუჭრელი დარჩა, რადგან უმრავლესობამ, ამ პრობლემის მოგვარებას მხარი არ დაუჭირა. მაშინ როცა, გუთურელების თქმით, ყოველ გაწვიმებაზე, როგორც ქუჩები, ასევე, ეზოები იტბორება. გუთურელები ჩვენთან საუბარში იმასაც ამბობენ, რომ სოფლის კრებაზე მათ არავინ ეძახის და არც პრიორიტეტების შერჩევაში იღებენ მონაწილეობას. ამის დასტური სხდომის ოქმიცაა, რომელზეც, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ 14 ხელმოწერაა გაკეთებული.
ამავე სხდომაზე, როგორც ირკვევა, ხმათა უმრავლესობით სოფლის კლუბის რეაბილიტაციის საკითხი გადაწყდა. დარბაზი მართლაც კარგად არის გარემონტებული, შეძენილია შესაბამისი ინვენტარიც და დახარჯულია 15 487 ლარი.
მოსახლეობა ამბობს, რომ კლუბი სოფლისთვის საჭიროებას წარმოადგენდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი პრიორიტეტი გზა და სანიაღვრე არხებია.
სოფლის რწმუნებული, მალხაზ გიორგაძე ამტკიცებს, რომ სოფელში სანიაღვრე არხებიც გაკეთდა, თუმცა, დეტალებზე არ გვესაუბრება და გამგეობის პრესსამსახურთან გვამისამართებს. გიორგაძემ არც 2010 წელს გაკეთებული წყალგამტარი მილები გვაჩვენა, რომელიც სოფლის პროგრამის ფარგლებში გაკეთდა და რომელშიც 5 322 ლარი დაიხარჯა.
როგორც გავარკვიეთ, სანიაღვრე არხები მხოლოდ ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიწმინდა, რამაც სოფლის მაცხოვრებლების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, რწმუნებულმა არხები სახლთან და სამსახურთან ახლოს გააწმენდინა.
_ გზა არის ჩვენი სატკივარი. გზა და სანიაღვრე არხები. ვის აინტერესებს, ჩვენს რას ვფიქრობთ? რასაც უნდა, იმას აკეთებენ. ვითომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოსო, მაგრამ ვინ არის ეს ხალხი? ისევ და ისევ მთავრობა წყვეტს ყველაფერს, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას გუთურელები და თან მთავრობას მრავალწლიან დაპირებას ახსენებენ: _ ყველა არჩევნებზე გზის გაკეთებას გვპირდებიან, მაგრამ იმდენმა არჩევნებმა ჩაიარა, რომ ამის იმედი აღარ გვაქვს. არადა, ამ გზაზე გავლა შეუძლებელია. პარლამენტის დეპუტატის ჩათვლით, ყველას ამ თხოვნით მივმართავთ, თუმცა, ყველაფერი მხოლოდ დაპირებად რჩება, _ ამბობენ ჩვენთან საუბრისას.
მალხაზ გიორგაძის მტკიცებით, გზის შეკეთების სამუშაოები უკვე დაწყებულია და მალე გუთურში ახალი გზა იქნება, თუმცა, კონკრეტულად, როდის, ეს არ იცის. რწმუნებულმა არც ის იცის, რა პრინციპით კეთდება გზა _ მოხრეშვით, რომლის ჩამორეცხვისთვის ერთი გაწვიმებაც კმარა, ასფალტის ჩაკერებით თუ ახალი საფარით.
გუთურელების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სკოლაა, რომლის შეკეთების სამუშაოებზე 2010 წელს, 6 344 ლარია დახარჯული. სოფლის რწმუნებულს არც ამ თემაზე სურს საუბარი, არადა, გუთურელების თქმით, ეს ფული წყალშია გადაყრილი:
_ შეხედეთ სკოლას და თავად დარწმუნდებით, უშველის თუ არა ამ შენობას შეკეთების სამუშაოები. ორი წლის წინ, კიბის მოაჯირი ჩამოვარდა და ბავშვს დაეცა. მაშინ იყო ამოსული გუბერნატორი და პირობა დადო, რომ ახალ სკოლას აგვიშენებდნენ, მაგრამ პირობის შესრულებაზე არავის უფიქრია, _ ამბობენ გუთურელები.
ისინი რამდენიმე აქციასაც იხსენებენ, რომლის მიზანი, სოფელში ახალი სკოლის აშენება იყო და რომელზეც დაპირება როგორც პარლამენტის დეპუტატისგან, ასევე გუბერნატორისგან, ბევრჯერ მიიღეს.
მალხაზ გიორგაძე თავს ვალდებულად არ თვლის, რომ კითხვებზე პასუხი გაგვცეს. გიორგაძეს არც ის აინტერესებს, რას ითხოვს სოფელი. სოფელში კი ბიბლიოთეკის გახსნას ითხოვენ. გუთურის ბიბლიოთეკა, რომელიც ადმინისტრაციულ შენობაში, საკმაოდ კარგ პირობებშია განთავსებული, 6 000-მდე წიგნს ინახავს. მადონა გიორგაძე ამ სისტემაში 28 წლის განმავლობაში მუშაობდა. ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ სოფელმა ბიბლიოთეკის გახსნის თხოვნით, როგორც სოფლის, ასევე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასაც არაერთხელ მიმართა:
_ ვერ გავიგეთ, რატომ არ უნდათ ბიბლიოთეკის გახსნა. უნიკალური წიგნები გვაქვს. ოთახის გასაღები დღემდე მე მაქვს. ხანდახან მოვდივარ და ვასუფთავებ, მტვერმა რომ არ გააფუჭოს. ხანაც ახალგაზრდებს ვაძლევ წიგნებს, _ ამბობს გიორგაძე, რომლის განმარტებით, სოფლის მოსახლეობაში წიგნებზე დიდი მოთხოვნაა.
ამას “გურია ნიუსთან” საუბრისას გუთურელებიც ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ სოფლის რწმუნებულს ბევრჯერ თხოვეს შუამდგომლობა, თუმცა, უშედეგოდ. მალხაზ გიორგაძეს არც ამ თემაზე არ სურს საუბარი და აღნიშნავს, რომ “ჩვენი საქმე არ არის, რა გააკეთა იმ ხნის განმავლობაში, რაც სოფლის პირველი პირია”.
არადა, სოფელს გაკეთებულის ბევრი არაფერი ეტყობა, რასაც გუთურელებიც არ მალავენ.