ეს ის ადამიანი გახლდათ, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის უსაფუძვლი ბრალდებით გააჩერა. შემდეგ კი, ვიდეოკამერის დანახვისას, „მწვანე შუქი“ აუნთო.
ძალოვანი და მაკონტროლებელი ორგანოების ჩართვა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში, პირველი შემთხვევა არ გახლავთ, ამის დამადასტურებელი ფაქტები „გურია ნიუსმა“ წინა არჩევნებზეც აღმოაჩინა.
2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისა და დღევანდელი მასალის გმირი ერთი და იგივე პიროვნება გახლავთ _ პაატა მანჯგალაძე, ცესკო-ს სწავლების ცენტრის ტრენერი.
20 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოწყობილ საღამოზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, მეგობართან, გიორგი აბაშმაძესთან, ვიცე გუბერნატორ ლელა თავართქილაძესტან და ცესკოს სწავლების ცენტრის ტრენერთან პაატა მანჯგალაძესთან ერთად იმყოფებოდა.
პაატა მანჯგალაძეს რამაზ ნიკოლაიშვილთან ძველი მეგობრობა აკავშირებს. მაშინ, როცა რამაზ ნიკოლაიშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ასევე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი პაატა მანჯგალაძე, ტრადიციულად, გურიაში, ცესკო-ს ეგიდით არჩევნების სამართლიანობას აკვირდებოდა.
20 აგვისტოს ღონისძიებაზე პაატა მანჯგალაძე ბოლომდე ყურადღებით ისმენდა რამაზ ნიკოლაიშვილის _ მინისტრისა და ოზურგეთში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატის შემდეგი შინაარსის სამადლობელს, _ „მადლობა მიშკას, მადლობა მიშას!“
„გურია ნიუსმა“ დაადგინა, რომ ცესკო-ს სწავლების ცენტრის ტრენერი და წარმომადგენელი გურიაში, პაატა მანჯგალაძე სახელმწიფო აუდიტის თანამშრომელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყებაში ის სულ რაღაც 6 თვეა მუშაობს, ამჟამად კვლავ კუთვნილი შვებულებით სარგებლობს და კვლავ გურიაში, კვლავ ცესკო-ს ეგიდით იმყოფება.
ვრცელ ინტერვიუს აუდიტის თანამშრომელ და ცესკო-ს ტრენერ პაატა მანჯგალაძესთან „გურია ნიუსი“ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.