_ მოვიდა, არ ვიცით ვისი წარმომადგენელია, უბრალოდ გვკითხა, თუ შეგიწამლეს ოჯახი, მაშინ დაგვიდასტურეთ ხელწერით და თქვენი პირადობის მონაცემებითო. მსგავსი რამ, წინა წლებში ნამდვილად არ ხდებოდა, _ გაგვიცხადა ერთ-ერთმა ხელმომწერმა.
“გურია ნიუსი” ამ ფაქტით დაინტერესდა და პირველ რიგში რამდენიმე სოფლის რწმუნებულს დაუკავშირდა. მათ გვითხრეს, რომ ისინი საქმის კურსში არ არიან, ეს მათი საქმე არ არის და მივმართოთ შესაბამის სამსახურებს.
_ არ ვიცი, ვინმე ინტრიგანი თუა, აზრზე არ ვარ, რაში უნდა სჭირდებოდეს პირადობის მონაცემები? _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის რწუნებულმა ბახვა კვერღელიძემ.
“გურია ნიუსი” ორი საათის განმავლობაში ცდილობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან ლაშა ღლონტთან დაკავშირებას, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგს კურირებს, თუმცა მან ამ ხნის მანძილძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსს კახა თავბერიძეს, რომელმაც პრესსამსახურისკენ გადაგვიმისამართა.
_ბატონო კახა, თქვენი წარმომადგენლები ოჯახებში ითხოვენ პირადობის მოწმობის ნომრებს, რასთან დაკავშირებით ხდება, რაში გჭირდებათ?
_ყველანაირ საკითხთან დაკავშირებით გაგცემთ პრესსამსახური პასუხს. ძალიან მარტივია, დაურეკეთ.
_”გურია ნიუსი” დაუკავშირდა სურსათის, უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის პრესცენტრის ხელმძღვანელს ვერიკო გულუას, რომელმაც ეს ინფორმაცია “გურია ნიუსთან”” დაადასტურა.
_ ეგ არის ჩვეულებრივი ამბავი, რა არის ამაში გასაკვირი? ანუ თქვენი კითხვა რაში მდგომარეობს, რატომ აკეთებენ ამას? ახლავე აგიხსნით. ნებისმიერი სამუშაო, რომელიც სრულდება კერძო პირის მიერ თუ სახელმწიფო მოხელის მიერ, უნდა იყოს აღრიცხული და იდენტიფიცირებული. სახელმწიფოს ხარჯებით ხდება ამ ღონისძიების დაფინანსება, როდესაც საუბარია სამანქანო დანადგარებით შეწამვლაზე, იქ მოსახლეობას არავითარ შემთხვევაში არ მოთხოვდნენ პირადობის ნომრებს, რადგან ამ სამუშაოს ასრულებს ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები და გვერდით უზის სოფლის რწმუნებულები, რომლებიც ეუბნებიან, სად უნდა შეიწამლოს და სად არა. სამუშაოებს იღებენ ერთობლივად რწმუნებულები და ჩვენი წარმომადგენლები და ადასტურებენ ბეჭდით, ხელმოწერით, რომ ნამდვილად ჩატარდა აღნიშნული სამუშაოები.
რაც შეეხება ზურგსაკიდი აპარატებით მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში შეწამვლით ღონისძიებებს, ამას ახორციელებს უშუალოდ მუნიციპალიტეტი. ჩვენ გადავეცით პრეპარატები მუნიციპალიტეტებს უსასყიდლოდ, ისინი მოსახლეობაში არიგებდნენ და დაქირავებულ მუშა ხელს უხდიდნენ თანხას ამის საზღაურად. რაც შეეხება პირადობის მოწმობის ნომრების მოთხოვნას, როდესაც შეიწამლება საკარმიდამო ნაკვეთი, უნდა დაადასტუროს ოჯახის წევრმა, რომ ნამდვილად შეიწამლა. სხვანაირად, ხომ შეიძლება ცარიელ ფურცელზე ის სამუშაო ჩაწერო, რომ არ შესრულებულა. ეს ჩვეულებრივი ამბავია,“ _ გვითხრა გულუამ.